სასწავლო წლის შთამბეჭდავი დაგვირგვინება ველევის საჯარო სკოლაში 
02-07-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ, რაც მოსწავლეთა სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება. ბავშვებისთვის სკოლა საყვარელი ადგილია, სასწავლო პროცესი კი წარმტაცი. 

სახალისო იყო სასწავლო წლის ბოლო დღეც სკოლაში.

სასწავლო წლის ნაყოფიერი დასასრული ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა. მასწავლებლებმა მოსწავლეებს მიულოცეს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება და საინტერესო არდადეგები უსურვეს. თავის მხრივ, მოსწავლეებმა - ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეებმა ისაუბრეს თავიანთ მიღწევებზე და აღნიშნეს, რომ მომავალ წელს მეტი მონდომებით შეუდგებიან სწავლას.

მათ თავიანთი ნააზრევი სასწავლო წლის შესახებ სკოლის დირექტორის მ/შ ქალბატონ ეკატერინე ჭიჭინაძეს წარუდგინეს ესსეს სახით -„რით იყო მნიშვნელოვანი 2023-2024 სასწავლო წელი ჩემთვის“, ასევე, მოაწყვეს კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა რუსული ენაში და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები (ხელმძღვანელი  მასწავლებელი  ლენა გოგსაძე).

მოსწავლეებმა, ასევე, სასკოლო თემის წინაშე წარადგინეს თავიანთი საქაღალდეები, რომლებშიც თავმოყრილი აქვთ მათთვის ყველაზე საინტერესო დავალებები და შემოქმედებითი პროდუქტები.(საზოგადოებრივი მეცნიერებები, ხელმძღვანელი მასწავლებელი - თეონა მაცაბერიძე). 

ლიზი გოგსაძემ წარადგინა კომპლექსური დავალების ფარგლებში შექმნილი შემოქმედებითი პროდუქტები (საგანი მოქალაქეობა): საინფორმაციო პოსტერი - „დაიცავი პერსონალური მონაცემები“, ლეპ-ბუქი - „უსაფრთხოება თემში“, რომელიც გეოგრაფიასთან ინტეგრირებულად განხორციელდა.

ასევე, სასკოლო საზოგადოებას მოკლედ გააცნო წინა კლასებში შესრულებული რამდენიმე ნამუშევარი: საინფორმაციო ბუკლეტი - „ქართლის ციხესიმაგრეები“, ტურისტული გზამკვლევი - „ალავერდი“, პოსტერი - „რაჭული ოდა-სახლები“, საგაზეთო სტატია - „გურიის კურორტები - ურეკი და ბახმარო“. ელექტრონული წიგნი „ბედია- ჩვენი მემკვიდრეობა“.

ნიკოლოზმა წარმოადგინა პოსტერები - „სვეტიცხოველი“, „სვანური კოშკები“, ასევე მოკლედ წარმოადგინა წინა კლასებში შესრულებული რამდენიმე შემოქმედებითი პროდუქტი: ხელნაკეთი წიგნი - ,,ჩემი საყვარელი ოთხფეხა მეგობარი“, ლეპ-ბუქი - „გავუფრთხილდეთ ტყეს“, საინფორმაციო ბუკლეტი - „ველევის სამების ეკლესია“, ფულის მინი-მუზეუმი.

ლიზიმ და ნიკოლოზმა ერთობლივად შექმნეს ქართული ტრადიციული საცხოვრისების მაკეტები და მოაწყვეს გამოფენა „ქართული საცხოვრისები”, შეადარეს მთისა და ბარის საცხოვრებლები, იმსჯელეს მათი მრავალფეროვნების მიზეზებსა და კულტურული მნიშვნელობაზე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია ის, რომ მოსწავლეებმა გაანალიზეს დავალებებზე მუშაობის პროცესი და გააკეთეს თვითრეფლექსია. გეგმავენ, თავიანთი  საქაღალდეები მომავალში უფრო მეტად მრავალფეროვანი გახადონ.

ბოლო დღის ღონისძიება სოფლის მშენებარე ეკლესიაზე ლაშქრობით დასრულდა.

„საინტერესო არდადეგებსა და მომავალ სასწავლო წელს კლასელების სიმრავლეს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს“,- აღნიშნეს სკოლაში და მოსწავლეებს მომავალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203