„კიდევ ერთი ბურჯი გამოეცალა ჩვენს ხეობას, მთლიანად საქართველოს“ - დუისის საჯარო სკოლა პედაგოგ ლამარა მარგოშვილს ემშვიდობება 
02-07-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლა პედაგოგ ლამარა მარგოშვილს გლოვობს. 

ახმეტის საპატიო მოქალაქე და სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელი არაერთი წელი ემსახურა მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს. 

მას სკოლაში ახასიათებენ, როგორც პროფესიონალს, საუკეთესო მეგობარსა და კოლეგას, ჭეშმარიტ პატრიოტს. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ოჯახისა და სკოლისთვის, არამედ ხეობისა და სრულიად საქართველოსთვის. 

„ასე არასდროს გამჭირვებია, სიტყვებს ძლივს ვუყრი თავს! ჩვენი ძვირფასი ლამარა მასწავლებელი აღარ გვყავს ...

მთელი სასკოლო საზოგადოება გულგაგლეჯილი და დადუმებულია, დასრულდა ერთი საუკეთესო ადამიანის, ღვაწლმოსილი მასწავლებლის და მოქალაქის ცხოვრება...

სკოლამ, ხეობამ და საქართველომ დაკარგა თავისი საქმის პროფესიონალი და ჭეშმარიტი პატრიოტი. აუნაზღაურებელი დანაკლისია ასეთი დიდი და ნათელი ადამიანის წასვლა...

ჩვენი ყველას ქომაგი, საუკეთესო მეგობარი და კოლეგა.

მთელი გულით ვწუხვარ და განვიცდი...

კიდევ ერთი ბურჯი გამოეცალა ჩვენს ხეობას და მთლიანად საქართველოს...“,- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

„ეტალონი“ უერთდება სამძიმარს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული და ღრმად პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203