განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახავრის ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს, წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის დასაფინანსებლად საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიური დამატებითი დაფინანსების წესი.
დამტკიცდა, საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების მისაღებად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში წარსადგენი ინფორმაცია:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, შესაბამისი თვის (გარდა სექტემბრისა და იანვრის თვეებისა) 10 რიცხვის მდგომარეობით, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამისი თვის 15 რიცხვამდე უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) საშუალებით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას ორ დანართად:
ა) დანართი №1:
ა.ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი; ა.ბ) საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები; ა.გ) საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მინიშნება, ჩართულია, თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში, სქემით განსაზღვრული სტატუსი, შესაბამისი საათობრივი დატვირთვის და კუთვნილი შრომის ანაზღაურების გაანგარიშებული ოდენობის მითითებით.
ბ) დანართი №2:
ბ.ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი; ბ.ბ) საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები; ბ.გ) საჯარო სკოლის თითოეული სპეციალური მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მინიშნება, ჩართულია თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში, სქემით განსაზღვრული სტატუსი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობისა, რომელთაც ასწავლის და კუთვნილი შრომის ანაზღაურების გაანგარიშებული ოდენობის მითითებით.