3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება, თუმცა ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება 3 შემთხვევაში:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო;
ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;
გ) დაუძლეველი ძალის გამო.
დოკუმენტში გაწერილია, რომ ტესტირებაზე გამოუცხადებელმა აბიტურიენტმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს ცენტრში შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
ასევე თუ აბიტურიენტმა დაუძლეველი ძალის გამო ვერ შეძლო საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადება, იგი ვალდებულია შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წარადგინოს დასაბუთებული განცხადება და, არსებობის შემთხვევაში, განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამონაკლისი ეხება აბიტურიენტებსა და საგრანტო ტესტირებაზე გამსვლელ სტუდენტებს.
აღსანიშნავია, რომ მიღებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის, შეინახება ერთი წლის ვადით და შემდეგ განადგურდება.
გაითვალისწინეთ, რომ დამატებით საგამოცდო სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.