„ჩვენმა ფეხბურთელებმა მოგვცეს მოტივაცია - შეუძლებელი შევძლოთ“ - ნაკრების წარმატებით შთაგონებული აბიტურიენტები გამოცდის დაწყებამდე
03-07-2024

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ბუნებრივია, ყველა ღელავს, თუმცა დღეს  განსხვავებული განწყობაა - ეროვნული ნაკრების ევროპული წარმატებით შთაგონებული აბიტურიენტები გვეუბნებიან, რომ სწორედ ჩვენი ფეხბურთელები არიან მაგალითი, რომ სურვილები ხდება და მიზნის მისაღწევად უნდა იბრძოლო. ნერვიულობენ თუ არა და როგორი განწყობით შედიან ტესტირებაზე, აპლიკანტები etaloni.ge-სთან საუბრობენ:

„სამედიცინოზე ვაბარებ და ცოტას ვნერვიულობ, ამ გამოცდაზე არა, უფრო ბიოლოგია მანერვიულებს, მაინც პრიორიტეტი ენიჭება ჩემს ფაკულტეტზე...“.

„გამოცდაზე შემართებით შევდივარ, იურისტობა მინდა. წელს ბევრი ვისწავლე და მართალია, ვნერვიულობ, მაგრამ მგონია, რომ ყველაფერს კარგად დავწერ. გულშემატკივრებიც, რა თქმა უნდა, მელოდებიან”.

„ვნერვიულობ... უფრო მეტად იმის მეშინია, შეცდომა რედაქტირების ნაწილში არ დავუშვა, რადგან ჩემი სუსტი მხარეა. განწყობა მაინც დადებითი მაქვს. წუხელ ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრაზე მისვლა მინდოდა, უბრალოდ დღეს გამოუძინებელი ვიქნებოდი და არ წავედი”.

„არ ვნერვიულობ. ვფიქრობ, ყველაზე მარტივი ქართულის გამოცდა იქნება, შედარებით მათემატიკაზე ვღელავ, რადგან ყველაზე მეტი ჩაჭრილი მათემატიკაშია ხოლმე. ფეხბურთელებისთვისაც დაუძლეველი იყო ერთი მხრივ ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ შეძლეს, მათ მოტივაცია მომცეს იმისა, რომ შესაძლოა შეუძლებელიც შეძლო“ - ნიკა არსენიძე.

„ახლა ძალიან ვღელავ, პირველი გამოცდაა და გამოცდილების არქონის გამო მაინც მენერვიულება, იმედია ყველაფერს კარგად დავწერ... თუმცა ჯერ უნივერსიტეტი არ მაქვს გადაწყვეტილი“.

„მე-11 კლასის მოსწავლე ვარ, მაინტერესებს, რა გამოცდილებაა; ახლაც კი ვღელავ ცოტას“ - ეკატერინე ტუღუში.

„უშუალოდ ამ საგანზე არ ვნერვიულობ, ტაშ-ფანდურით შევდივარ, ფინანსებზე ვაბარებ, ყველაზე მეტად ინგლისურის მეშინია, რადგან კარგად არ ვსწავლობდი... კარგის მოლოდინი მაქვს. ამაღლებული განწყობით ვარ მოსული და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება“ - საბა შაყულაშვილი.

„ამაღლებულ განწყობაზე ვარ, გუშინ ნაკრების დასახვედრად გასვლაც მოვახერხე. მინდოდა გამოცდებზე დადებითი ენერგიით შევსულიყავი და გადავწყვიტე წინა დღეს ის გამეკეთებინა, რაც გულით მინდოდა, ამიტომ დღეს კმაყოფილი და თავდაჯერებული შევდივარ გამოცდაზე“.

„სტუდენტი ვიყავი და რაღაც ფაქტორებიდან გამომდინარე, სწავლა შევწყვიტე. წელს მეორედ ვაბარებ და დიდად არ ვნერვიულობ, გამოცდის სპეციფიკიდან გამომდინარე. ყველაზე ნაკლებად ვღელავ ინგლისურის გამოცდაზე, მანდ ტაშ-ფანდურით შევალ. ყველაზე მეტად კი მათემატიკის მეშინია, სირთულიდან გამომდინარე. ზოგადად კი კარგის მოლოდინი მაქვს“ - ქეთი ჩიქვინიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203