შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო წერეთელმა განაცხადა, რომ ტესტირების პროცესი ყველა საგამოცდო ცენტრში შეუფერხებლად დაიწყო. ცენტრის დირექტორმა 147-ე საგამოცდო ცენტრიდან აბიტურიენტებს მოუწოდა, რომ გამოცდებზე დროულად გამოცხადდნენ და არ დაიგვიანონ.
„დღეს 2024 წლის საგამოცდო პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. რეგისტრაციის პროცესი ყველა საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და ტესტირებაზე მუშაობაც ყველგან შეფერხების გარეშე დაიწყო.
იმედია, 26 ივლისამდე ასე გაგრძელდება. 147-ე სკოლაში, ჯერჯერობით, დაგვიანების შემთხვევა არ არის. აბიტურიენტებს მოვუწოდებ, მეორე სესიაზეც დროულად გამოცხადდნენ“, - აღნიშნა ნინო წერეთელმა.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა პირველი სტატისტიკაც.
არის ერთი დაგვიანების შემთხვევა. პირველ სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცდაზე 7% არ მივიდა.
შეგახსენებთ, მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
„ყველაფერი მზადაა...“ - მინისტრი აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებას უსურვებს