„სკოლის წარმატებას ეფექტიანობა და გუნდურობა განსაზღვრავს“ - ნაფარეულის საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია ბერიაშვილი
03-07-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია ბერიაშვილი ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს - ერუდირებული, განათლებული და ინტელექტუალური თაობების აღზრდას ღირსეულად ემსახურება. ფიქრობს, რომ სკოლის წარმატებას გუნდურობა, თანასწორი და სამართლიანი გარემო და კონკურენტუნარიანი მოქალაქეების აღზრდა განსაზღვრავს. გამოირჩევა მოსწავლეთა უპირობო სიყვარულით და ახარებს, რომ მოწაფეებისგანაც იმავეს იღებს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია ბერიაშვილი პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- ვფიქრობ სკოლის წარმატებას სკოლის ეფექტიანობა და გუნდურობა განსაზღვრავს, სკოლამ უნდა შეძლოს თანასწორი და სამართლიანი გარემოს შექმნა, კონკურენტუნარიანი მოქალაქეების აღზრდა და ამასთანავე იქცეს ბავშვების  სასიამოვნო მოგონებების ადგილად, იპოვოს თავისი დანიშნულება და მისდიოს მას. 

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე, გახსოვდეს, რომ სულ პატარა დაიბადე“.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- აბიტურიენტებს ვურჩევდი პროფესია შეარჩიონ ინტერესის სფეროს და არა პოპულარობის მიხედვით. საქმე, რომელსაც მთელ შენს ცხოვრებას უკავშირებ არ უნდა გღლიდეს, არ უნდა გაღიზიანებდეს. მარკ ტვენმა თქვა: „იპოვე საქმე, რომელიც გიყვარს და შენ არასდროს მოგიწევს მუშაობა.“

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია თვითაქტუალიზაცია, განვითარება, მუდმივი ცდა და არასოდეს დანებება. 

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს მის უპირობო სიყვარულს, მის მიღებას, ყოველგვარი კუთვნილების მიუხედავად. ხოლო, თუ იგივეს იღებ მათგან, ჩათვალე, რომ ტყუილად არ გიცხოვრია. 

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...

- ბოლო ხანს მხოლოდ პროფესიული ლიტერატურა მიტრიალებს თავში. ჩემს მოსწავლეებს ვურჩევ და დიდი სიამოვნებით თავადაც წავიკითხავდი კიდევ ერთხელ სვეტლანა ალილუევას  „20 წერილი მეგობარს“. 

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ყველაფერს ადამიანურს, ცხოვრების არსის აღქმას, მეგობრად ყოფნას, მიზნით განპირობებულ ცხოვრებას, სიმშვიდეს... 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203