ეროვნული გამოცდები 2024 ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით დაიწყო. წელს აბიტურიენტების უპრეცედენტო რაოდენობაა და პირდაპირპროპორციულია გულშემატკივართა „არმიაც“.
3 ივლისიდან აბიტურიენტებს თავის დიდგორი აქვთ მოსაგები, რომელსაც ფონად გასდევს მშობლების პატარ-პატარა ბრძოლები საგამოცდო ცენტრის წინ.
განწყობა - საბრძოლო;
შემართება - ჩემი შვილი ყველაზე ჭკვიანია;
ეკიპირება - მარაო, წყალი, კორსიზი;
და რაც მთავარია, ფრთიანი ფრაზები, რომლებზეც, საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ყველა აბიტურიენტი იმედია ბევრს იცინებს.
„დედიკო, ტექსტი რამდენჯერმე წაიკითხე, არ იჩქარო“... - რეგისტრატურამდე მისდევს ერთ-ერთ აბიტურიენტს მშობელი, რომელსაც დაცვა არ უშვებს, მაგრამ ბრძოლის ჟინი იმდენად დიდია, რონალდუს ნახტომი მოედანზე მონაგონია - „არა, უნდა დავინახო, როგორ გაივლის რეგისტრაციას“, - არ ნებდება გულშემატკივარი, რომელსაც გზას უღობავს „კონკურენტი“ მშობელი და დაცვას მიმართავს - „რომ შევიდეს და გამობრუნდეს შეიძლებაა?“
„ქალბატონო, მალე ქენით, შეუშვით ბავშვი“, - ისმის დაცვის მკაცრი ხმა და რეგისტრაციაც სრულდება.
გამოცდა დაიწყო.
„გოგოები უფრო ბეჯითები არიან, ბიჭები არა”... - ადგილს ვერ პოულობს ქალბატონი, რომლიც მარაოს ისეთი ძალით ინიავებს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქარიშხალი „დაგვიანონსა“...
„ვითომ ჩემ ბიჭს რას უწუნებ“, - გამოენთო „დაცვის პოზიციიდან“ აპლიკანტის მამა, რომელმაც გულშემატკივარი დედის ფრაზა პირად შეურაცხყოფად მიიღო.
„ნეტა, რა საკითხები შეხვდა, დედა ენაცვალოს... მთელი წელი წიგნებიდან თავი არ აუწევია... წუხელაც მეცადინეობდა, ვაითუ ვერ დაწერა...“, - ლოცვასავით დუდუნებს კიდევ ერთი გულშემატკივარი, რომელსაც გვერდით მდგომი აჩუმებს და შვილის შესაძლებლობებს საკუთარ ნიჭს უკავშირებს - „რას ვერ დაწერს, ჩემი შვილი მაინც არ იყოს!“.
„ძალიან ვნერვიულობ, ყველა დედის ემოცია ჩემშია მგონი“, - ისმის გვერდითა ფლანგიდან და პირველივე საათში, გამოცდიდან გამოსული პირველივე აბიტურიენტი ჩნდება, რომელსაც გულშემატკივრები ეკითხებიან - რა საკითხები შეხვდათ ბავშვებს, თუმცა მშობელი პასუხსაც არ აცდის, ისე გაჰყავს ცენტრის ტერიტორიიდან:
„ჰმ, დედიკომ ჩაჰკიდა ხელი და წაიყვანა, ვითომ ვინმე მოსტაცებდა!.. რა იყო, ერთი სიტყვა მაინც ეთქვა”, - ისმის უკმაყოფილო მშობლის რეპლიკა და სანამ სხვები დაეთანხმნენ, ნელ-ნელა აპლიკანტებმა გამოსვლაც დაიწყეს.
უკვე ცნობილია, რომ ქართულისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე, სტუმარ-მასპინძელი მოვიდა. მეორე სესიაზე კი რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.
გამოცდის წერის დროს აბიტურიენტი ცუდად გახდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს - დეტალები
გამოცდაზე დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა - ნინო წერეთელი აპლიკანტებს მიმართავს