„დილის სესიის ბავშვებმა მითხრეს, რომ რთული არაფერია“... „გამოცდიდან ყველაზე ბოლო გამოვალ“- მეორე სესიის აბიტურიენტები
03-07-2024

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია 15:00 საათზე იწყება. მანამდე კი აპლიკანტები etaloni.ge-ს ემოციებს უზიარებენ:

„ძალიან მოტივირებული ვარ, ქართულის გამოცდა, ვფიქრობ, გამიმარტივდება... ცოტა რედაქტირების მეშინია, მაგრამ როგორც დილის სესიის ბავშვებმა მითხრეს, არაფერი ყოფილა რთული - ამან დამამშვიდა... ისე, ბიზნეს-ადმინისტრირებაზე ვაბარებ და ყველაზე მეტად მათემატიკის გამოცდის მეშინია“...

„საერთოდ არ ვნერვიულობ, კარგად მოვემზადე ამ გამოცდისთვის და მგონია, რომ ყველაფერს კარგად დავწერ… იმედია, არაფერი ისეთი არ შემხვდება, რაზე არგუმენტებიც არ გამახსენდება. დილით კარგი საკითხები იყო და ვიმედოვნებ, ახლაც ასე იქნება. ჯერ არ ვიცი, რომელ უნივერსიტეტში ჩავაბარებ, მაგრამ მარკეტინგის მიმართულებით ვაპირებ სწავლის გაგრძელებას“...

„გავიგე, დილით რა საკითხებიც იყო და მგონი, რთული არ ყოფილა, ბავშვები ასე ამბობდნენ... არ მგონია, რამე გამირთულდეს, მაგრამ ყველა წუთს გამოვიყენებ და ალბათ, გამოცდიდან სულ ბოლოს მე გამოვალ“.

„ეს დღე ჩემთვის საპასუხისმგებლოა. სხვათა შორის, ჟურნალისტობა მინდა. დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ, პირველი თსუ მიწერია. მთელი წელი ბევრი ვიმეცადინე და სიმართლე გითხრათ, გუშინ არაფერი წამიკითხავს, დასვენება გადავწყვიტე - მგონი, სწორად მოვიქეცი. მგონია, რომ ყველაფერს დავწერ, მაგრამ ჰაგიოგრაფია მაინც არ მინდა მოვიდეს“...

„კარგ განწყობაზე ვარ, რამე დაუძლეველი რომ იყოს, არ მგონია. ვნახოთ, რა იქნება. გარეთ ბებია და დედა მელოდებიან. სახლში ვერ გავაჩერე. ჩემზე მეტად ისინი ნერვიულობენ“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203