8 ივლისს აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ინგლისურ ენაში ჩააბარებენ. გამოცდა 2 საათის და 30 წუთი გაგრძელდება და მისი მაქსიმალური ქულა 70-ია. აპლიკანტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.
გამოცდა მოსმენის დავალებით იწყება - ეს არის შედარებით გრძელი ტექსტი, რომელსაც ახლავს 8 შეკითხვა. დავალებას საგამოცდო სექტორში ხმის გამაძლიერებლების საშუალებით ისმენთ. ტექსტის მოსმენისას შეკითხვებს ხედავთ ეკრანზე და პასუხებს ნიშნავთ შავ ფურცელზე, ან პირდაპირ პასუხების ფურცელზე. ტექსტს ისმენთ ორჯერ. დასაწყისში მოწმდება ტექნიკური დეტალები, ამგვარად, თუ მოსმენისას შენიშნეთ რაიმე სახის ხარვეზი, დაუყოვნებლივ ამის შესახებ აცნობეთ მეთვალყურეს.
ესეზე მუშაობისას აუცილებელია გამოხატოთ პირადი მოსაზრება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. ეცადეთ მაქსიმალურად განთავისუფლდეთ შაბლონებისგან და თქვენი მოსაზრება გაამყაროთ არგუმენტებით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პირადი მოსაზრება გადმოცემული კარგი ლექსიკისა და გრამატიკული სტრუქტურების საშუალებით ძალიან ღირებულია.
ესეს ინსტრუქციაში ნათლად წერია, რომ დასაშვებია 120-170 სიტყვის გამოყენება. ეცადეთ, არ გადააჭარბოთ მოთხოვნილი სიტყვების რაოდენობას; პასუხების ფურცელში გამოყოფილია ადგილი, სადაც უნდა ჩაწეროთ ესე. ამ ადგილის გარეთ დაწერილი ნაწერი არ გასწორდება.
გაითვალისწინეთ, რომ წერის დავალებაში სასვენ ნიშნებს ყურადღება მინიმალურად ექცევა, თუმცა წერტილის და დიდი ასოს არგამოყენება შეცდომად ჩაითვლება. წერეთ ისეთი კალიგრაფიით, რომ გამსწორებელს არ გაუჭირდეს თქვენი ნაწერის გარჩევა; გაუგებარი კალიგრაფიით დაწერილი თხზულება არ გასწორდება.
დაიტოვეთ დრო პასუხების ფურცელზე თქვენი პასუხების გადასატანად (ეს იმ შემთხვევაში, თუ პასუხები თავდაპირველად შავი სამუშაოსათვის განკუთვნილ ფურცელზე გაქვთ დაწერილი). გახსოვდეთ, რომ გასწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.