ამ წუთებში გამოცდას უფროსი სპეციალური მასწავლებლობის მსურველები წერენ, მათი ნაწილი მოქმედი პედაგოგი არ არის და ახლა სურს, პირველი ნაბიჯი გადადგას საგანმანათლებლო სივრცეში შესაბიჯებლად.
გამოსაცდელები წინასაგამოცდო ვნებათაღელბას გვიზიარებენ და აღნიშნავენ, რომ გამოცდა მარტივი არ იქნება რადგან პროგრამა საკმაოდ მოცულობითია, თუმცა გამოცდისთვის კარგად მოემზადნენ. კითხვაზე რატომ გადაწყვიტეს სპეცმასწავლებლობა - გვიპასუხეს, რომ მათი მიზანი საზოგადოებაში დარჩენილი სტერეოტიპების აღმოფხვრაში მცირე წვლილის შეტანაა.
„ცოტა ვღელავ გამოცდის წინ, მოქმედი მასწავლებელი არ ვარ. 60 კრედიტიანი პროგრამა გავიარე და წელს გადავწყვიტე საკუთარი შესაძლებლობები გამომეცადა ამ მიმართულებით. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ყოველთვის მქონდა სურვილი სკოლაში მემუშავა. მართალია, არ ვიცნობ სკოლის სპეციფიკას, მაგრამ ვთვლი, რომ ინკლუზიური განათლება ძალიან დასახვეწია სკოლებში, ჯერ კიდევ არსებობს წარსულის გადმონაშთი სტიგმები, რაც აღმოსაფხვრელია და გამიხარდება თუ ამაში ჩემს წვლილს შევიტან“.
„საკმაოდ ბევრი საკითხია - საფიქრი და სამსჯელო. ვფიქრობ, დავალებები კარგად გაანალიზებას მოითხოვს. წინა წლის ტესტებს რომ გადავხედე მივხდი, აქ ცოდნის გარეშე ფონს ვერ გახვალ, ამიტომ, კარგად მომზადებული ვარ. მოქმედი მასწავლებელი არ გახლავართ, 60-კრედიტიანი პროგრამა გავიარე, შესაბამისი ცოდნაც მივიღე და ვფიქრობ, კარგად გავართმევ თავს დავალებებს.
სპეცმასწავლებლობა მარტივი საქმე არაა, აქ ცოდნასთან ერთად, შინაგანი მზაობაც საჭიროა. აქვე არ უნდა დავივიწყოთ ის სტერეოტიპები და სტიგმები, რომლებიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში სსსმ მოსწავლეები მიმართ, მე რაც შემეძლება ამ მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ. მათ უამრავი შესაძლებლობა უნდა მივცეთ რომ თავადაც დაინახონ რამდენი შეუძლიათ! ყველა ბავშვი უნიკალურია“.