„სკოლა წარმატებულია, თუ სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის არის ჯანსაღი თანამშრომლობა“ - თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე
05-07-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლას დირექტორი მარინა გოცირიძე წარმატებით ხელმძღვანელობს. ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ქვეყანას განათლებული, ერუდირებული და ინტელექტუალური თაობა აღუზარდოს და სასკოლო საზოგადოების საკეთილდღეო საქმეს ღირსეულად ემსახურება. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე პასუხობს.

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- პირველ რიგში ფიზიკურად, გონებრივად და სულიერად სწორად განვითარებული მოსწავლეების აღზრდას, რომლებიც აღჭურვილნი არიან კარგი ცოდნითა და იმ უნარ-ჩვევებით, რომლითაც ცხოვრების სწორ გზას დაადგებიან, გადაწყვეტილებების მიღებას თავად შეძლებენ პრობლემების გადაჭრისას, გაითვალისწინებენ სხვის აზრს, ღირსეულად გაუმკლავდებიან ამა თუ იმ გამოწვევას.

სკოლის წარმატება ნიშნავს მოტივაციას სკოლის თითოეული თანამშრომლისთვის, რათა თავიანთი საქმე მომავალში აკეთონ უკეთესად, მეტი ხალისით, შემართებით, მხნედ. ეს კიდევ მოიტანს ახალ წარმატებას და შესაბამისად ახალ მოტივაციას უკეთესი შედეგების მისაღებად. ეს ყველაფერი აუცილებლად გამოიწვევს სწავლა-სწავლების ხარისხის თანდათანობით ზრდას.

სკოლა წარმატებულია, თუ სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის არის ჯანსაღი ურთიერთთანამშრომლობა, სიახლეების მუდმივი ძიება და  სასკოლო  ცხოვრებაში  თანამედროვე მიდგომების დამკვიდრება.

კარგი ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო და ესთეტიკური გარემო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სკოლის წარმატებაში.       

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- ემოციების სწორად მართვას. მხნედ, შემართულად, გაბედულად წავიდნენ გამოცდაზე რწმენით: „მე აუცილებლად შევძლებ“...

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- სათანადო პირობების შექმნა ღირებული განათლების მისაღებად, სწორი ხედვის ჩამოსაყალიბებლად და თითოეულის მიერ იმ უნარების ფლობა, რომელიც დაეხმარება ცხოვრებისეული მოვლენების და ღირებულებების სწორად შეფასებაში.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მასწავლებლის მიერ გულისხმიერ კვლევას მისი საჭიროებების, შესაძლებლობების, ინტერესებისა და ყოველდღიური ცხოვრებისეული  პრობლემების შესახებ. ასევე, მოსწავლის სიყვარულია ზრუნვა მასზე - სიფრთხილით, ზომიერად ჩარევით, მოსწავლის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მასწავლებელი ხელს უწყობს მის ირგვლივ არსებული პრობლემის მოგვარებას, სირთულეების შეძლებისდაგვარად გამარტივებას.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- არ გამინელდეს მოსწავლეებისა და მათთან დაკავშირებული საქმიანობის სიყვარული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203