„თუ მასწავლებელს უპირობოდ უყვარს ყველა მოსწავლე, იმავეს მიიღებს მათგან“ - თებრონე სულაძე, ნინიგორის სკოლის დირექტორი
08-07-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლას დირექტორი თებრონე სულაძე წარმატებით ხელმძღვანელობს. მოსწავლეებს მათ საჭიროებებზე მორგებულ, ინკლუზიურ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოსა და ხარისხიან განათლებას სთავაზობს და ახალგაზრდებს ცოდნის რეალიზებაში ეხმარება. მოსწავლეთა უპირობო სიყვარული კი აძლევს მოტივაციას აკეთოს ქვეყნის საკეთილდღეო საქმე საუკეთესოდ. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინიგორის საჯარო სკოლის დირექტორი თებრონე სულაძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- ეფექტურად გამართულ სისტემას, რომლიც მიმართულია მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული სწავლა-აღზრდისკენ, სადაც ინკლუზიური და თანამშრომლობითი გარემოა, როცა სკოლაში მაღალი სასკოლო კულტურაა, ამასთანავე, მოსწავლეები იღებენ ისეთ ცოდნას და უნარებს, რაც გამოადგებათ სოციუმში თავის დამკვიდრებასა და  საკუთარი ცოდნის რეალიზებაში ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- არის, როცა მამამ მითხრა „შვილო სანამ ცოცხალი ხარ სიკვდილზე არ უნდა იფიქროო“, მამა ძალიან განათლებული კაცი იყო, პროფესიით პედაგოგი, რომელმაც ავთვისებიანი სიმსივნით 18 წელი იცოცხლა, მას წიგნების კითხვა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია. რთულ სიტუაციებში ყოველთვის მახსენდება მისი სიტყვები და ძალას მაძლევს.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- გამოცდებზე იყვნენ თავდაჯერებულები, მობილიზებულები, დრო ეფექტურად გამოიყენონ, რათა მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გამოამჟღავნონ. რაც არ უნდა იყოს, მე მათით ვამაყობ, რადგან ძალიან ნიჭიერი და კრეატიულად მოაზროვნე თაობა გვყავს. წარმატებებს ვუსურვებ ყველას. განსაკუთრებით ნინიგორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- სწორი მიმართულება აირჩიონ, რასაც მოჰკიდებენ ხელს პასუხისმგებლობით და სიყვარულით აკეთონ, ცხოვრების სირთულეებს არ შეუშინდნენ, რადგან ყველა სირთულე თავისთავად რაღაცას გვასწავლის და გვაძლიერებს, სადაც არ უნდა წავიდნენ არ დაევიწყებინოთ საკუთარი ქვეყანა და ხალხი.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- იმას, რომ მასწავლებელს თუ უპირობოდ უყვარს ყველა მოსწავლე ზუსტად ისეთი, როგორიც არის თავისი შესაძლებლობებით, იმავეს მიიღებს მათგან. სწორედ ეს სიყვარული გვაძლევს მასწავლებლებს მოტივაციას, რომ ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში მიგვიხარია სკოლაში და მაქსიმალურად ვიხარჯებით მათი სწავლა-აღზრდისა და უსაფრთხოებისთვის.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს ჩემ საყვარელ ოჯახთან ერთად. წინ კიდევ ბევრი დაგეგმილი საქმე გვაქვს სკოლის წარმატებისთვის, იმედია სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, ზემდგომების ჩართულობით კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეებს განვახორციელებთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203