ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის დირექტორ პეტროს ტონოიანისთვის სკოლის წარმატება ნიშნავს წარმატებულ მოსწავლეთა სიმრავლეს, პროფესიონალ მასწავლებლებს და კმაყოფილ მშობლებს. შესაბამისად სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობაზე აქტიურად ზრუნავს და სჯერა, რომ შრომა და სიყვარულია ის მთვარი რაც ღირსეული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ალათუმანის საჯარო სკოლის დირექტორი პეტროს ტონოიანი პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- გყავდეს ბევრი წარმატებული მოსწავლე, კმაყოფილი მშობელი და კეთილსინდისიერი, თავის საგნის კარგი მცოდნე და მოსწავლეზე შეყვარებული მასწავლებელი.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- იყავი ის, ვინც ხარ და გიყვარდეს ადამიანები.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- მშვიდად, აუღელვებლად წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა და უნარები და, კარგად დაფიქრდნენ, რა პროფესია უნდა აირჩიონ, რომ გამოადგნენ თავიანთ თავსაც და ქვეყანასაც.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- წინაპრების ისტორიის ცოდნა, რომ მიხვდნენ, სად დაუშვეს მათ შეცდომა და სად ჰქონდათ წარმატებები, რომ ისწავლონ მათ შეცდომებზე და უკეთესად გააგრძელონ ცხოვრება.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მიიღო ის ისეთი, როგორიც არის და დაეხმარო მისი საუკეთესო უნარ-ჩვევების განვითარებაში, იყო მისი საუკეთესო მსმენელი და დასაყრდენი საჭიროების დროს.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- მოსწავლეებს ვურჩევდი, ზაფხულში წაიკითხონ ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“, რომ უკეთ შეიმეცნონ ხილული სამყარო და ურთიერთობები.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- ვიყო უფრო მომთმენი, კაცთმოყვარე და შრომისმოყვარე, ვინაიდან, მჯერა, რომ შრომა და სიყვარული გადაარჩენს კაცობრიობას.