ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჯუღელი ესეების კონკურსის გამარჯვებულია
09-07-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობითა და სასწავლო მიღწევებით გამოირჩევიან. ამჯერად სკოლა XII კლასის მოსწავლე მარიამ ჯუღელმა ასახელა. მოსწავლე ესეების მასშტაბური კონკურსის გამარჯვებულია. 

5 ივლისს, Webster University Georgia-ს მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის ფინალური ღონისძიება გაიმართა, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის 248-ე წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50-მდე მოსწავლე მონაწილეობდა და გამოვლინდა 3 გამარჯვებული, საპრიზო ფონდი კი 1000 ლარს შეადგენდა.

გამარჯვებულებს შორის კი პირველი ადგილი წილად ხვდა ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეს - მარიამ ჯუღელს, რომლის კლასის დამრიგებელი ფიქრია მაჩიტიძე გახლავთ. 

კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ მე-11-მე-12 კლასის მოსწავლეებს თემაზე - „ტექნოლოგიები და საზოგადოება: ტექნოლოგიის გავლენა საზოგადოებისა და ადამიანის კეთილდღეობაზე“. 

მონაწილეებს უნდა ემსჯელათ ტექნოლოგიის როლზე თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბებაში და განეხილათ ტექნოლოგიის ეფექტები სხვადასხვა სფეროში.

პრიზები და სერტიფიკატები მონაწილეებს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ჟიურის წევრებთან ერთად საზეიმო ვითარებაში პროექტის ფინალურ ღონისძიებაზე გადასცა.

Webster University Georgia ყოველწლიურად ატარებს ესეების კონკურსს, ამჯერად ღონისძიებას ესწრებოდა სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, მათ შორის, ამერიკის სავაჭრო პალატის, გაეროს, Forbes-ის და სკოლების.

„სკოლის სახელით ვულოცავთ მარიამს მორიგ წარმატებას და მომავალშიც დიდ, მნიშვნელოვან მიღწევებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203