ბევრ მშობელს მოსვენებას არ აძლევს აზრი, რომ მათ შვილს ბრტყელი ტერფი აქვს. პედიატრებიც ხშირად ჩვილ და ახალფეხადგმულ ბავშვებს ფეხის ტერფის თაღის გამოსაკვეთად სხვადასხვა მასაჟს და ვარჯიშებს სთავაზობენ.
საკითხთან დაკავშირებით ცნობილი პედიატრის ევგენი კომაროვსკის შეხედულებას გთავაზობთ:
„გაოცდებით, მაგრამ 1,5 ასაკში ჩემი ორივე შვილი ბრტყელტერფიანი იყო. ალბათ, უფრო მეტად გაგიკვირდებათ, როცა შეიტყობთ, რომ ყველა წლინახევრის ბავშვს, რომელიც მინახავს, ასევე ბრტყელი ტერფი ჰქონდა. მოდით გავერკვეთ.
ბრტყელტერფიანობა შეიძლება ორი სახის იყოს და მათი გარჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.
1. ანატომიური ბრტყელტერფიანობა - ეს თანდაყოლილი მდგომარეობაა და ამაში დამნაშავე არავინ არის, უბრალოდ არ გაგიმართლათ - ძვლებს, რომლებიც ფეხს აყალიბებს, დამახასიათებელი თაღი არ აქვს. ამ შემთხვევაში პრობლემის რადიკალურად გადაწყვეტა, მხოლოდ ერთი მეთოდით - ოპერაციით არის შესაძლებელი, ან შეგუება.
2. ფუნქციური ბრტყელტერფიანობა - ძვლები - კუნთები - მყესები გამართულია, მაგრამ რადგან კუნთები არ მუშაობს, ისე როგორც წესია ტერფის თაღი არ ვითარდება. ასეთ სიტუაციაში დამნაშავის პოვნა მარტივია.
საქმე ის არის, რომ რომ პატარა ბავშვებს ტერფის თაღი ფაქტობრივად არ აქვთ, იგი დაახლოებით 8-10 წლის ასაკში ფორმირდება, მაგრამ მისი ჩამოყალიბება ხდება მაშინ, როცა ბავშვს საკმარისი ფიზიკური დატვირთვა აქვს, დარბის და უსწორმასწორო ზედაპირზე ფეხშიშველა დადის. მშობლები კი საჭირო ზომის ხარისხიან ფეხსაცმელს აცმევენ.
ნათელია, რომ 1,5 ასაკში ბრტყელტერფიანობის დადგენა თითქმის ნებისმიერი ბავშვისთვის განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი და რა თქმა უნდა, ასეთი ბრტყელტერფიანობა სრულიად ბუნებრივია და მკურნალობას არ საჭიროებს. 1,5 ასაკში ბრტყელტერფიანობის სამკურნალოდ ნებისმიერი მასაჟი, როგორც წესი, მასაჟისტების ბიზნესი და დედის ფსიქოთერაპიის გზაა,“- აღნიშნავს ცნობილი პედიატრი.