ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის წარმომადგენლები სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამართულ ლიდერი სკოლების ფორუმში მონაწილეობდნენ.
ფორუმს, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ ჩატარდა, ბარდნალის საჯარო სკოლიდან მიწვეული სამი წარმომადგენელი ესწრებოდა: პრეზენტატორი მოსწავლე სალომე ჯიაძე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ირმა ლიპარტელიანი და სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი.
წარდგენილ პრეზენტაციას მსმენელთა მოწონება ხვდა წილად, რაც, უპირველესად, პედაგოგ ირმა ლიპარტელიანის დამსახურებაა, რომელმაც სასწავლო წლის განმავლობაშიც ბევრი აქტივობა განახორციელა მოსწავლეებთან ერთად და ახლაც სათანადო კონსულტაცია გაუწია პრეზენტატორ მოსწავლეს.
„გამოითქვა კომპეტენტური მოსაზრებები, გავიზიარეთ ერთმანეთის გამოცდილება, რაც კარგ დახმარებას გაგვიწევს შემდგომ მუშაობაში“,- აღნიშნავს ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი და მადლობას უხდის სამოქალაქო განათლების პროგრამასა და ფორუმის ორგანიზატორებს მეტად საინტერესო და სასიამოვნოდ დატვირთული დღისთვის.
იხილეთ ფოტოები: