წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორ მიხეილ ჯაყელისთვის სკოლის წარმატების უმთავრესი პირობა მაღალკვალიფიციური პედაგოგები და სწავლების სწორი გააზრებაა, ბავშვების სიყვარულით გულანთებული მოსწავლის სულთან მისასვლელ უმოკლეს გზას ეძებს და გულით ემსახურება ყველაზე ღირებულს - განათლებული, ერუდირებული და ინტელექტუალური თაობების აღზრდის საქმეს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაყელი პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- სკოლის წარმატების უმთავრესი პირობაა მაღალკვალიფიციური პედაგოგები და სწავლების სწორი გააზრება.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- სიყმაწვილის ასაკში ერთმა მოხუცმა კაცმა კითხვა დამისვა:
- სოფლის შენებას რა უნდაო?
რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი, მაგრამ მოხუცმა თავი გააქნია და მითხრა:
- გახსოვდეს ბაბუ, სოფლის შენებას გული და ჯიგარი უნდაო.
და ეს დარიგება ძილ-ღვიძილშიც კი მახსოვს.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- არც ერთი დღე არ დაკარგონ.
ასეთი თქმულებაა: „გუშინდელი დღე ისტორიაა, ხვალინდელი დღე საიდუმლო, დღევანდელი კი საჩუქარი“.
ყოველი დღე ახალი შანსია და უნდა გამოიყენო.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
პირველი - დააფასონ დრო და გამოიყენონ მხოლოდ სასიკეთოდ;
მეორე - ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებით შეძლონ ცოდნა-უნარების შეძენა და განვითარება.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მასწავლებლის გულწრფელი ღიმილით და კეთილგანწყობით მოსწავლის სულთან მისასვლელი უმოკლესი გზის პოვნას.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- ჯერომ სელინჯერის „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“, გიორგი გასპადინოვის „Time Shelter“, ივან ბუნინის „მშვიდი სუნთქვა“ და თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან აკა მორჩილაძის - „გადაფრენა მადათოვზე და უკან“.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- უპირველეს ყოვლისა ერთიან და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას, ჯანმრთელობას, სილაღეს, მუდმივად პოზიტიურ და ხალისიან განწყობას და წარმატებას სამსახურეობრივ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.