ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში ისტორიის მოყვარულთა კლუბი - „უცნობი ისტორიები“ წარმატებით მუშაობს. კლუბის წევრები პედაგოგ ნონა მებონიას ხელმძღვანელობით ღოზუნგით - „აღმოაჩინე ისტორია შენს გვერდით“ უცნობ ისტორიებს აგროვებენ და სასკოლო საზოგადოებას უზიარებენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბის წევრები ამჯერად, ზურაბ გუჩუას ოჯახს ეწვივნენ, რომელიც მეუღლე ნონა როგავასთან ერთად ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო.
ქალბატონმა ნონამ უპასუხა მოსწავლეთა კითხვებს და ისაუბრა ეროვნული მოძრაობის მიერ გავლილი რთული გზის შესახებ, საუბარი შეეხო ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ბოლო წლებს, რომელსაც მისი მეუღლე მთელი დატვირთვითა და ტრაგიზმით იზიარებდა.
მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ შეხვდნენ ადამიანს, რომელსაც მეუღლესთან ერთად თვალსაჩინო წვლილი აქვს შეტანილი ეროვნულ მოძრაობაში, გააცნობიერეს, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ისტორია შექმნეს, რომ ისინი აღმოსაჩენი და ჩასაწერია, რადგან დროს თავისი მიაქვს და მათი რიცხვი მცირდება.
მოსწავლეებმა - ილია კვარაცხელიამ, ნიკა მებონიამ, სანდრო შონიამ, ნინო ზარქუამ მადლობა გადაუხადეს ქალბატონ ნონას გულთბილი მიღებისა და საუბრისათვის.
იხილეთ ფოტოები: