მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი დამენია წარმატებული ხელმძღვანელია. მოსწავლე-მასწავლებელთა აქტიური მხარდამჭერი სულით და გულით ემსახურება საყვარელ საქმეს.
მისი თქმით, სკოლის წარმატება ნიშნავს ერთმუშტად შეკრულ სასკოლო საზოგადოებას და სწრაფვას სკოლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი დამენია პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მოსწრებას, სასკოლო საზოგადოების ერთიანობას და სწრაფვას სკოლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- უმჯობესია, საკუთარ თავზე ცუდი მოისმინო, ვიდრე სხვაზე თქვა ცუდი. (გრიგოლ ღვთისმეტყველი)
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- მაქსიმალურად მობილიზებულები იყვნენ, გააზრებულად იმუშაონ საგამოცდო ტესტზე და დრო გაანაწილონ ოპტიმალურად.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- მონდომება, ინტერესი, კრიტიკულად აზროვნება, სწორი გადაწყვეტილებების მიღება, შეცდომების აღიარება და მიმტევებლობა.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- პატივს სცემდე მოსწავლეებს, თანაუგრძნობდე ყველანაირ მომენტში და აგრძნობინებდე რომ მის გვერდით ხარ. ასწავლიდე სულით და გულით.
- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონი“ - ავტორი საუბრობს თავისუფლებაზე, რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და ამტკიცებს, რომ ახალგაზრდობას საერთო არაფერი აქვს უდანაშაულობასთან.
ჯენეტ უოლსი – „შუშის ციხესიმაგრე“ – ამ წიგნში უოლსი მის ბავშვობაზე მოგვითხრობს, მრავალსულიან და უჩვეულო ოჯახზე, სადაც აღზრდის შოკისმომგვრელი მეთოდები იყო მიღებული. ჯენეტი მრავალი წლის განმავლობაში მალავდა თავის წარსულს.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- დასახული მიზნის მიღწევას უახლოეს პერიოდში.