ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლას დირექტორი შორენა ბერიძე წარმატებით ხელმძღვანელობს. მოსწავლეთა აქტიური მხარდამჭერი, მათ ნიჭისა და ცოდნის რეალიზებაში ეხმარება.
მისთვის სკოლის წარმატება ნიშნავს ერთი მიზნისთვის გაერთიანებულ სასკოლო საზოგადოებას. მოსწავლე-მასწავლებელთა და მშობელთა ჩართულობით და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვით კი საყვარელ საქმეს ღირსეულად ემსახურება.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ჭარნალის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ბერიძე პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- ერთიანობას, მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მოსწრებას, ის რომ ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია, ყველას სხვადასხვა ტალანტი აქვს და რომ სკოლა უნდა დაეხმაროს მათ იპოვონ ბუნებრივი ნიჭი. ასევე, სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ მშობლებს და სკოლის წარმატებაზე ორიენტირებულ პედაგოგებს, რომლებიც მოტივირებულნი მუდამ ზრუნავენ საკუთარი ცოდნის გაღრმავებასა და მოსწავლეთა წარმატებაზე.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- „რაც შენთვის არ გინდა, იმას ნურც სხვას უზამო!“ - აკაკი წერეთელი
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- მუდამ იყვნენ პოზიტიურები და საკუთარი თავის განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები, საქართველოსა და მსოფლიოში. გამოიყენონ დრო, ოპტიმალურად და შეძლონ საკუთარი ნიჭის დემონსტრირება.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- მონდომება და სწრაფვა მიზნის მისაღწევად. კრიტიკული აზროვნება, მაღალი ინტელექტუალური ღირებულებების მქონე, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი, თავისუფლად მოაზროვნე პიროვნებად ჩამოყალიბება.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- უპირობო სიყვარულს, თანადგომას და მათი ბუნებრივი ნიჭის რეალიზებაში დახმარებას.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- მოსწავლეთა ასაკიდან და ინტერესიდან გამომდინარე, შესაბამისი ლიტერატურის წაკითხვას.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- ბევრი ნიჭიერი და წარმატებული თაობის აღზრდა-განვითარებას, მოტივირებულ პედაგოგებს და სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ მშობლებს.