შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლაში სულ 8 მოსწავლე სწავლობს. თუმცა, მიუხედავად მცირე კონტინგენტისა, სკოლის დირექტორი - ოთარ დავითაძე და მისი გუნდი - 12 მასწავლებელი, სასკოლო ცხოვრებას სხვადასხვა აქტივობით ამრავალფეროვნებენ და თითოეული მოსწავლის წარმატებულ მომავალზე ზრუნავენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზო საფეხურისაა და მე-9 კლასის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სწავლას სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აგრძელებენ.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მასწავლებლები კარიერულ წინსვლაზე ზრუნავენ. მაგალითად, წელს სკოლიდან ერთი მასწავლებელი რუსული ენის გამოცდაზე გადის. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, etaloni.ge-ს სკოლის დირექტორი ოთარ დავითაძე ესაუბრა.
„წელს გამოცდაზე ჩვენი სკოლის 1 მასწავლებელი გადის. ხატვისა და მუსიკის პედაგოგია, ამ საგნების გამოცდები უკვე ჩაბარებული აქვს და ახლა რუსულ ენას აბარებს. მე მას გამოცდის დიდი წარმატებით ჩაბარებას, კარიერულ წინსვლასა და ყოველივე კარგს ვუსურვებ“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი და აქვე, გულისტკივილის გამოთქვამს მოსწავლეთა სიმცირის გამო:
„შარშან და შარშანწინ მე-9 კლასის მოსწავლეებიც არ გვყოლია, ახლა კი მხოლოდ ერთი კლასი მრჩება. სკოლაში 8 მოსწავლე გვყავს, მაგრამ მომავალში რა იქნება, არ ვიცი. რაც შეეხება მასწავლებლების რაოდენობას, 12 პედაგოგი გვყავს“.