„ვურჩევდი, გამოცდის წერისას მშვიდად იყვნენ და ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინონ“ - სკოლების დირექტორები აბიტურიენტებს გულშემატკივრობენ
17-07-2024

ერთ კვირაში ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდება. აბიტურიენტებმა ტესტების ძირითადი ნაწილი უკვე დაწერეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, საგამოცდო ციებ-ცხელება არ იკლებს და ალბათ, ჩარიცხვების გამოცხადებამდე ასეც გაგრძელდება. 

აბიტურიენტებს მშობლიურ სკოლებში განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ. სკოლების დირექტორები etaloni.ge-ს ესაუბრნენ და კურსდამთავრებულებს, ცხოვრების გზაზე, უდიდესი წარმატება უსურვეს.

აფთანდილ ეფენდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაპანახჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

„რა თქმა უნდა, ყველა იმ ახალგაზრდას, რომლებიც ახლა გამოცდებს აბარებენ, დიდ წარმატებასა და უნივერსიტეტში ჩაბარებას ვუსურვებ. მათმა ნაწილმა გამოცდები უკვე დაასრულა, დანარჩენებს კი ვურჩევდი, რომ ტესტის წერისას მშვიდად იყვნენ და ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინონ.“

მეიტი გაჯიევი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კამარლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლა საბაზო საფეხურისაა - 9 კლასიანია. ამიტომაც, აბიტურიენტები არ გვყავს, თუმცა ყველა აპლიკანტს უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. ასევე, ვუსურვებ, რომ სასურველ მიმართულებაზე მოხვდნენ და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეთ. ახლა მათთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია და ღირსეულად გადაელახოთ.“

გამლეტ ისმაილოვი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის დირექტორი:

„თითოეულ აბიტურიენტს წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებ. ჩემი დიდი სურვილია, რომ გამოცდები მაღალი ქულებით ჩააბარონ და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხონ“.

ზიადინ საფაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„აბიტურიენტებს ყოველივე საუკეთესოსა და გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ვუსურვებ. მთავარია, არ ინერვიულონ და გააზრებული არჩევანი გააკეთონ. ახლა მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტია.“

მგერ ტოროსიანი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

„რასაკვირველია, აბიტურიენტებს, პირველ რიგში, გამოცდების ჩაბარებას ვუსურვებ. შემდეგ კი, ყველა ოცნება აესრულებინოთ. როგორც წესი, ისინი გამოცდებისთვის ემზადებიან და ახლა სანერვიულო არაფერი აქვთ.“

რიფსიმე არუთუნიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ძალიან კარგი იქნება, თუ ცხოვრებაში თავიანთ ადგილსა და მოწოდებას იპოვიან. ამ ეტაპზე, რაც მთვარია, ვუსურვებ, რომ უამაღლეს სასწავლებლებში ჩააბარონ და სასურველ პროფესიას დაეუფლონ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203