დღეს, გამოცდის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, ცენტრის ეზოში გოგონა გამოჩნდა, რომელიც სარეგისტრაციო სივრცისკენ ფეხშიშველა გარბოდა. როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, ეს გახლავთ თამარ ოთანაძე, მაგისტრანტი.
მისი ფოტო etaloni.ge-ს ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა და რასაკვირველია, საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია, თუ რატომ იყო გოგონა ფეხსაცმლის გარეშე - კონკიასავით.
გამოცდიდან უკვე წინდითა და ბახილებით გამოსულმა თამარმა etaloni.ge-სთან საზოგადოების კითვას უპასუხა და ისიც გაგვიმხილა, ახლა ფეხზე რაც მაცვია, ცენტრის თანამშრომლებმა მაჩუქესო.
თამარ ოთანაძე ღამით მეგობართან დარჩენილა, ფეხსაცმელი გაურეცხავს, რაც „საბედისწერო“ აღმოჩნდა. სწორედ გამოცდაზე შესვლის წინ, ფეხსაცმელი გაწყდა, როგორც აპლიკანტი ამბობს, ნაწილებად დაიშალა; მაგრამ გამოცდა ყველანაირი მოცემულობით უნდა დაეწერა, ამიტომ, ფეხსაცმელი ნაგვის ურნაში, დანანების გარეშე მოისროლა და გამოცდაზე გაიქცა.
„გუშინ საღამოს მეგობართან დავრჩი, სახლში წასვლა ვერ მოვახერხე. თან მქონდა მხოლოდ ერთი ფეხსაცმელი, რომელიც გავრეცხე და თურმე, გაფუჭებულა. დილით ჩავიცვი და საგამოცდო ცენტრთან რომ მოვედი, მაშინ მივხვდი, რომ გამძვრა და ნაწილებად დაიშალა. მომიწია, ფეხსაცმელი ნაგვის ურნაში ჩამეყარა და ასე დავრჩი ფეხშიშველი“,- ღიმილით გვიამბობს თამარი, რომლის ისტორიაც ამით არ დასრულებულა, გამოცდიდან გამოსული აპლიკანტი ბახილების საშუალებით ამოვიცანით. თურმე, მისი მდგომარეობა საგამოცდო ცენტრის თანამშრომელმა მაშინ შენიშნა, როდესაც ჩანთას აბარებდა და წინდები აჩუქა.
„ნასკები“ ცენტრის თანამშრომელმა ბიჭმა მაჩუქა. ძალიან საყვარელი ადამიანები არიან, ბახილებიც მომცეს და ნერვული ფონი მაქსიმალურად შემიმსუბუქეს. სამაგისტრო გამოცდა ვწერე და კმაყოფილი ვარ”,- თქვა თამარ ოთანაძემ.
აღსანიშნავია, რომ ის გამოცდიდან კმაყოფილი გამოვიდა და ალბათ, ეს ამბავი როგორც ჩვენ, მასაც ძალიან დიდხანს ემახსოვრება.