მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგანმანათლებლო პროექტში
19-07-2024

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა მხარდაჭერილი და წახალისებულია. შესაბამისად მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში და წარმატებაც სახეზეა. 

მათ შორის მოსწავლეებმა წარმატება მოიპოვეს საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელში“. სკოლიდან კონკურსის ფინალში ექვსი მოსწავლე გადავიდა. მეათე კლასის მოსწავლე ვახო ბახუტაშვილმა კი ღირსეული მეორე ადგილი დაიკავა. წარმატებული მოსწავლეები 16 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ ფინალისტების დაჯილდოების ცერემონიალზე დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ეს მეტად მნიშვნელოვანი პროექტი 2019 წლიდან მესამედ უწევს საქართველოს ისტორიის საგნის პოპულარიზაციას, ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონის სკოლის მოსწავლეებში ( მეცხრე კლასიდან მეთორმეტეს ჩათვლით) და ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდებში ქართველი კლასიკოსების უკვდავი ისტორიული ნაწარმოებების საფუძვლიანად გაცნობასა და გაანალიზებას.

ეს დღე მეტად ამაღელვებელი იყო ჩვენთვის და ჩვენი სკოლის ექვსი ფინალისტი - „დიდგორელისთვის“. მეათე კლასის მოსწავლე ვახო ბახუტაშვილი ღირსეული მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა და ჩვენი სამწლიანი „ბრძოლა“, როგორც იქნა წარმატებით დასრულდა

მარაბდის საჯარო სკოლის სახელით (დირექტორი: ქ-ნი თამრიკო იმნაძე-ფიჩხულაშვილი) ვულოცავთ ვახოს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს

დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ, უნიკალური პროექტის სულისჩამდგმელს ბ-ნ ლევან ჟვანიას, ქალაქ თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ბ-ნ ზურა აზარიაშვილსა და ნინო მესტვირიშვილს პროექტ „დიდგორელის“ ხელშეწყობისთვის და ასევე, ყველა იმ სკოლას, რომლებმაც გაგვიწიეს სათანადო მასპინძლობა.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს მერვე კლასის მოსწავლეებს - ნიკოლოზ დევდარიანს, ელენე ფიჩხულაშვილს, ნინიკო ბახუტაშვილს, ანა ოძელაშვილსა და მარიამ აბულაშვილს, რომლებიც არ შეუშინდნენ უფროსკლასელთა მხრიდან დიდ კონკურენციას და გახდნენ პროექტის ისტორიაში, პირველი მერვეკლასელი, ღირსეული ფინალისტები.

ყოჩაღ ბავშვებო!! 

მადლობას ვუხდი ასევე ჩემს ნინო კენკებაშვილს, რომელმაც გამაოცა თავის შრომისმოყვარეობითა და ისტორიის საგნისადმი დიდი სიყვარულით. მადლობა ყველას იმ სიამოვნებისათვის, რომელიც განვიცადეთ პროექტის სამთვიან მარათონში“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203