ბოლნისის N3 სკოლამ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე ინგლისური ენისა და მუსიკის მასწავლებელი ნონა პაპაშვილი წარადგინა 
19-07-2024

პედაგოგის როლი განათლებული და ერუდირებული მომავალი თაობის აღზრდის საქმეში განუზომელია, ბოლნისის N3 საჯარო სკოლაში ეს კარგად აქვთ გათავისებული, მასწავლებლები ძალ-ღონეს არ იშურებენ რომ ქვეყანას ღირსეული საზოგადოება აღუზარდონ. სასკოლო საზოგადოების მხრიდან კი მასწავლებლის შრომა და ამაგი დაფასებულია, რაც მეტად სასიხარულოა. 

ასეთი ამაგდარი პედაგოგია ბოლნისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და მუსიკის მასწავლებელი ნონა პაპაშვილი

ბოლნისის N3 საჯარო სკოლის საზოგადოებამ ის მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარადგინა.

ინგლისური ენისა და მუსიკის მასწავლებელი ნონა პაპაშვილი 2015 წლის 21 სექტემბრიდან მუშაობს ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლაში. ამ ხნის მანძილზე მან სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის ნდობა და გამორჩეული პატივისცემა დაიმსახურა. იგი გამოირჩევა სასკოლო თემის განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობით. მის მიერ მუდამ დაცულია პროფესიული ეთიკა.

ნონა მასწავლებელმა განსაკუთრებით შეუწყო ხელი სკოლაში ინგლისური ენის სწავლებასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. მისი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო და რესპუბლიკურ ოლიმპიადებში.

სკოლაში მას ახასიათებენ როგორც კრეატიულ, შრომისმოყვარე, შემოქმედებით პედაგოგს, რომელიც სწავლებისას ინოვაციურ მეთოდებს მიმართავს და გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს აძლევს ხარისხიან საგნობრივ განათლებას ასევე მათ სამაგალითო მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავს. არის პროფესიული წინსვლისკენ ორიენტირებული და მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. 

„ნონა მასწავლებელი ის მასწავლებელია, რომელმაც მოსწავლე -ახალგაზრდობასა თუ პედაგოგ-მასწავლებლებში უაღრესად დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა. თანამედროვე მეთოდებით, კრეატიულობით, ინოვაციური მიდგომებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მას მოსწავლეთა აღზრდასა და მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. 

ნონა მასწავლებელი მონაწილეა პროექტისა - „სასწავლო ვიზიტი მასწავლებლებისათვის“ რომში, პარიზსა და დუბაიში. პროგრამა განხორციელდა საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის მიერ ინკლუზიური განათლების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.  ვიზიტის თემა გახლდათ „სწავლების ინოვაციური მეთოდები და პროექტული სწავლება სკოლებში“.

მაგრამ, ამასთან ერთად, ჩვენი მასწავლებელი შესანიშნავი ხელოვანიცაა, თვითნასწავლი ხელოვანი. სკოლაში მისი ინიციატივით განხორციელდა პროექტი „თავისუფალი გაკვეთილები - ხელოვნების სახელოსნო-ხელნაკეთი ნივთები“, პროექტმა განსაკუთრებული დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა მოსწავლე ახალგაზრდებს შორის, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას. შემდეგ წრე-„ხელნაკეთი ნივთები“ ჩამოაყალიბა. დაიწყეს სულ მცირედით, თოჯინების სამოსის შექმნით. თანდათანობით სხვადასხვა მასალით: წყლით, ჯვრებით, თვლებით და აბრეშუმის ლენტებით ქარგვაზე გადავიდნენ. ეს ხელოვნების ის მიმდინარეობაა, რომლითაც ნონა დღესაც დაკავებულია. 

ჩვენი მასწავლებელი სოციალურ სამართლიანობასა და ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებულია. მისი პიროვნული მახასიათებლები ადამიანური ზრუნვის, თანაგრძნობისა და გვერდში დგომიდან მომდინარეობს. იგი იყო თაოსანი და ორგანიზატორი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვისა, რომელიც ქ. ბოლნისის N3 საჯარო სკოლამ მუნიციპალიტეტის დონეზე მოაწყო 2023 წლის დეკემბრის თვეში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენივე სკოლის მოსწავლის სიცოცხლის გადასარჩენად. მეშვიდე კლასის მოსწავლეს სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა თურქეთის რესპუბლიკაში გადასაყვანად, მძიმე ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ, რომელიც ძალიან ძვირად ღირებული იყო. ოჯახს საშუალება არ გააჩნდა, ნონა მასწავლებელმა ფეხზე დააყენა მთელი სკოლა, თემი, ქალაქი. მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები უყოყმანოდ გაიტანეს გამოფენაზე. თვითონ პედაგოგმა საკუთარი შემოქმედების უბრწყინვალესი ნიმუშები, რომლებიც მრავალი საერთაშორისო გამოფენის ექსპონატი და გამარჯვებულია, ადვილად გაიმეტა ბავშვის დასახმარებლად. მიმართა და მოუწოდა მუნუციპალიტეტის სკოლებს გვერდში დადგომოდნენ ამ აქციის ჩატარებაში, რა თქმა უნდა, გამოხმაურებაც შესაბამისი მოყვა, არ დარჩენილა გულგრილი არცერთი მოქალაქე, იმდენად ძლიერი იყო შემართება ნონა მასწავლებლისა, რომ თუ დღეს ბავშვი ჩვენთანაა, ეს ჩვენი ნონას დამსახურებაცაა.

2024 წლის 14 ივნისს ბოლნისის კულტურის სახლის საგამოფენო დარბაზში ქ. ბოლნისის N3 საჯარო სკოლის საზოგადოების მიერ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მისი როლის მნიშვნელობის გამოკვეთის მიზნით, მოეწყო ნონა პაპაშვილისა და მისი მოსწავლეების პერონალური გამოფენა „სურვილისფერი მზე“, რომელმაც დიდი მოწონება და აღიარება დაიმსახურა. ნონა მასწავლებლის ნამუშევრებმა ფართოდ გაუთქვა სახელი ქართული ხელოვნების უკვდავებას, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო გამოფენებში. ისინი მონაწილეობას იღებდნენ ლონდონის, ტოკიოს, რომის, ინდოეთის სხვადასხვა გამოფენებში და განათავსებული არიან გალერეებში. 

ნონა მასწავლებლის ნამუშევრებმა ფართოდ გაუთქვა სახელი ქართული ხელოვნების უკვდავებას“,- გვეუბნებიან სკოლაში და პედაგოგს წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 5 ივლისს დასრულდა. 

მასწავლებლის ეროვნულ დღეს - 27 ოქტომბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემათ მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

იხილეთ ბმული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203