19 ივლისს, პირველ სესიაზე უცხოური ენებისა და სპორტის მასწავლებლების გამოცდა ჩატარდა. სპორტის გამოცდას აბარებდა დავით ალიაშვილი, მასწავლებლობის მსურველი, რომლისთვისაც ოჯახი შთაგონების წყარო გახდა და ბევრი წლის შემდეგ, გადაწყვიტა გამხდარიყო პედაგოგი და აესრულებინა ბავშვობის ოცნება - შეეტანა წვლილი ბავშვობის აღზრდაში.
რამდენად რთული იყო ტესტები, რომელი დავალება აღმოჩნდა გაურკვეველი აპლიკანტისთვის და რა არის დღეს ქართულ განათლების სისტემაში დასახვეწი - ამ თემებზე, Etaloni.ge-სთან სპორტის მასწავლებლობის მსურველი დავით ალიაშვილი საუბრობს.
„წელს პირველად გავედი სპორტის გამოცდაზე, ტესტები არც ისე რთული იყო, ერთადერთი კითხვა მომეჩვენა ულოგიკოდ, ფოტო იყო ნაჩვენები, სადაც 4 ბავშვს გამოჰქონდა დროშა და უნდა მიმხვდარიყავი რიტუალი იყო თუ რა. დანარჩენი ისეთი არაფერი ყოფილა, საკმაოდ მშვიდად და წყნარად მიმდინარეობდა გამოცდა.
ჩემი წინაპრები და ოჯახის წევრები, ყველა პედაგოგი იყო, მეც ვისურვე, რომ გავმხდარიყავი მასწავლებელი და თუ ასე მოხდება, ბევრ რამეს წავიყვან პოზიტივისკენ, ყოველთვის მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ბავშვების აღზრდაში და ვფიქრობ, რომ პროფესიონალურად მოვახერხებ კიდეც ამას.
რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება, ჩვენც განვითარების რეჟიმში უნდა ვიყოთ. პრობლემებიც საკმაოდ ბევრია, თუმცა ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსწავლეებისთვის სასწავლო მასალა უნდა იყოს მისაწვდომი და გასაგები. ვფიქრობ, რომ ბავშვებს არ მიეწოდებათ ის ცოდნა და განათლება, რასაც იმსახურებენ, ამის მთავარი მიზეზი კი დაუხვეწავი სახელმძღვანელოებია. თუმცა მასწავლებლები საკმაოდ კარგად ასწავლიან, იმის ფარგლებში, რის შესაძლებლობასაც სახელმძღვანელოები აძლევთ.
მასწავლებელი დამაკავშირებელია წიგნსა და მოსწავლეს შორის. მთავარია სახელმძღვანელო იყოს კარგი, რომ მასწავლებელმა საფუძვლიანად ასწავლოს მოსწავლეს - ამის გამოსწორება და პრობლემის აღმოფხვრა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს დავით ალიაშვილი.