„გენეტიკით დაწყებული, ბოტანიკით დამთავრებული ყველა თემას ეხებოდა კითხვები“ - აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აფასებენ
19-07-2024

ბიოლოგიის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ტესტებს აფასებენ და etaloni.ge - სთან მოლოდინებზე და მოსულ დავალებებზე საუბრობენ.

„ყველაფერი იყო აბსოლუტურად, გენეტიკაც, გულ-სისხლძარღვთა სისტემაც, თუ კარგად აქვს ნასწავლი აბიტურიენტს წესით არ უნდა გაუჭირდეს. წინა წლებთან შედარებით არც გართულებული მომეჩვენა და არც გამარტივებული. ალბათ იგივე სირთულის იყო“;

„გასული წლების ტესტებიც ნანახი მაქვს და მგონი, იმასთან შედარებით, გამარტივებული იყო. სამედიცინოზე ვაბარებ და ვფიქრობ, ამ ტესტს კარგად მომზადებული აბიტურიენტები წარმატებით დაწერდნენ. საკითხებს რაც შეეხება, მართლა ყველაფერს ეხებოდა - გენეტკით დაწყებული, ბოტანიკით დამთავრებული. როგორც მახსოვს, ილუატრაციები სხვადასხვა უჯრედზე და ორგანოზე იყო. ჩემი ნაწერით კი კმაყოფილი ვარ“;

„სამედიცინოზე ვაბარებ, შესაბამისად, ბიოლოგია მიყვარს. ერთ-ერთი მიზეზი ამ პროფესიის არჩევის სწორედ ეს იყო. მე ბავშვობიდან კარგად ვსწავლობ ბიოლოგია-ქიმია-ფიზიკას. სწორედ ამიტომ, დიდად რთული არ აღმოჩნდა ჩემთვის მოცემული საკითხები. ამოცანები იყო, რასაც ძალიან კარგად ვაკეთებდი ყოველთვის და ამჯერადაც არ გამირთულდა. გენეტიკური ამოცანები შემხვდა. კუნთოვან ქსოვილებზეც იყო, ასე კარგად არ მახსოვს კონკრეტული საკითხები, თუმცა წინა წლების ტესტებს თუ შევადარებ მგონი გართულებული არაა“;

„ველოდი, რომ მიტოზი და მეიოზი იქნებოდა, მაგრამ არ იყო. საერთო ჯამში, რთული ტესტი არ ყოფილა, დროშიც ჩავეტიე. არ მინერვიულია, ეს ბოლო გამოცდა იყო და კარგად ვიყავი მომზადებული. კმაყოფილი ვარ“;

„საკმაოდ მარტივი ტესტი იყო. გენეტიკური ამოცანა იყო 2, ბიომრავალფეროვნებიდან იყო  საკმაოდ ბევრი საკითხი. ასე კონკრეტულად არ მახსოვს სხვა ახლა, ალბათ მერე უფრო გამახსენდება. იმის თქმა ნამდვოლად შემიძლია, რომ რთული არ ყოფილა. წესით თუ კარგად სწავლობ ბიოლოგიას უნდა ჩააბარო და ნორმალური ქულაც მიიღო“.




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203