ლიანა და კოპალა 2 თვის ტყუპი დათვის ბელები არიან ლეჩხუმიდან, სავარაუდოდ, მათ დედა ბრაკონიერებმა მოუკლეს და ახლა თბილისის ახალ ზოოპარკში დაუდიათ ბინა.
თბილისის ზღვასთან, 48 ჰექტარ მიწის ფართობზე საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისი ზოოლოგიური პარკი შენდება.
თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე Etaloni.ge - სთან საუბარში ყვება:
„ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები მგლები იყვნენ, მოგვიანებით მათთან 8 დათვი
გადმოვიდა, აქ განცალკევებულ სივრცეში კიდევ 4 ირემი და 6 ნიამორი, იგივე გარეული თხა ბინადრობს. მათ რიცხვს მალე ფოცხვერები და ჯიხვები, ასევე სხვადასხვა სახეობის ფრინველი შეუერთდება. ვოლიერების მოწყობასთან ერთად, ეტაპობრივად ახალი ბინადრები შეემატება ზოოპარკს.“
- კვლავ გააგრძელებს თუ არა ძველი ზოოპარკი ფუნქციონირებას და მისგან განსხვავებით, რა სიახლეებს შესთავაზებს ახალი სივრცე დამთვალიერებლებს?
- სანამ ახალ სივრცეში თითოეული ცხოველისთვის არ აშენდება ვოლიერები, მანამ განაგრძობს ძველი ზოოპარკი ფუნქციონირებას. მისგან განსხვავებით, ახალი ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივი საცხოვრებლის გარემოს შექმნის და მათ არსებულ პირობებს გააუმჯობესებს.
- რა არის ახალი ზოოპარკის შექმნის მთავარი მიზანი და
ამოცანა?
- სხვადასხვა ჯიშის შენარჩუნებასთან ერთად, ახალი ზოოპარკი
სამეცნიერო და საგანმანათლებლო ფუნქციასაც შეითავსებს და მსოფლიოს მასშტაბით, ერთერთი
ყველაზე დიდი და ეგზოტიკური პარკი იქნება.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კავკასიის ფაუნის აღდგენაა.
საპირველივნისოდ ჩვენმა ნიამორებმა საჩუქარი გაგვიკეთეს - 3 ციკანი მოავლინეს ქვეყანას. ისინი, საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით, გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე იმყოფებიან. ზოოპარკში ამჟამად ნიამორის აღდგენის პროგრამაზე ვმუშაობთ და ალბათ, ხვდებით, როგორ გაგვახარებდა ერთბაშად სამი ნაშიერის დაბადება. ეს ხომ დიდი იმედია.
მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო ჯიშად კავკასიური ნაგაზი ითვლება, შესაბამისად, ახალ ზოოპარკში კავკასიური ნაგაზების საშენია მოწყობილი.
სამომავლოდ, ახალი ზოოპარკში მოგზაურობა დამთვალიერებელს ცხენების საშუალებით შეეძლება. დღეს უკვე სპეციალური კლუბი ფუნქციონირებს, სადაც 40 ცხენის ხილვა და პროფესიონალური ჯირითის სწავლა შეგიძლიათ.
- როდის ექნება დამთვალიერებელს ახალი ზოოპარკში სტუმრობის
შესაძლებლობა?
- ზუსტი თარიღის თქმა გამიჭირდება, რადგან, ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში ვართ, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ 2018 წლის ბოლოსკენ გაიხსნება ახალი ზოოპარკი.
ახალი ზოოპარკისთვის დღევანდელი სახის მისაცემად 200 000 ევრომდე დაიხარჯა, მისი მრავალფეროვანი და ეგზოტიკური განვითარებისთვის კიდევ 40 მილიონი ამერიკული დოლარია საჭირო.იხილეთ ფოტოები: