„იმედია, დირექტორები სამართლიანად გაანაწილებენ საათებს“ - გამოცდიდან გამოსული საჯარო სკოლის პედაგოგი ტესტირებასა და ახალი სახელფასო ფორმულის დეტალებზე
21-07-2024

მასწავლებლები ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების (პრაქტიკული ნაწილი) გამოცდას აბარებენ.

როგორც ტესტირებიდან გამოსულმა აპლიკანტმა etaloni.ge-სთან განაცხადა, დავალება არც მარტივი იყო და არც განსაკუთრებით რთული, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საგამოცდო სტრესი ვითარებას ართულებს, საკუთარი ნაშრომით კმაყოფილი არ არის.

„12 წელია საჯარო სკოლაში ვასწავლი, კომპეტენციაც დადასტურებული მაქვს, ოღონდ სხვა საგანში - ფიზიკის პედაგოგი ვარ, წამყვანი; წელს კი გადავწყვიტე, ისტ-ი ჩამებარებინა, რადგან მასწავლებელთა ახალი ფორმულით, ჩაუბარებელი საგნის სწავლების შემთხვევაში საათობრივი ანაზღაურება ძველი სქემით გაიცემა“, - ამბობს პედაგოგი და დასძენს, რომ ახალმა სახელფასო სქემამ მასწავლებლებში ძალიან დიდი უკმაყოფილება გააჩინა:

„თვეების განმავლობაში შეგვიქმნეს მოლოდინი, რომ 500-600-700-800 ლარით გაიზრდებოდა ჩვენი ანაზღაურება და ბუნებრივია გვეგონა, სტატუსების მიხედვით მოხდებოდა მატება, მაგრამ რა მივიღეთ? - წლები ვინც იბრძოლა სტატუსის ამაღლებისთვის, ისინი დავზარალდით; ახლა კი სხვადასხვა საგნის გამოცდები უნდა ჩავაბაროთ“.

ჩვენი რესპონდენტი იმაზეც ღელავს, როგორ მოხდება საათების განაწილება ახალი სასწავლო წლიდან და აცხადებს, რომ ეს პროცესი სკოლებში კიდევ უფრო დიდი განხეთქილების მიზეზი შეიძლება გახდეს:

„როგორც მინისტრმა თქვა, საათები ძველი პრინციპით გადანაწილდება, თუმცა რეალურად არავინ იცის, რა როგორ მოხდება - შესაძლოა ამ საკითხზე მასწავლებლებს შორის უთანხმოებაც გაჩნდეს. იმედია, დირექტორები სამართლიანები იქნებიან ამ საკითხში“, - ამბობს აპლიკანტი და კვლავ მასწავლებელთა გამოცდებზე აკეთებს აქცენტს:

„საჭიროა, მასწავლებელი აბარებდეს საგნის გამოცდას... რაც არ იცი, სხვას ვერ ასწავლი“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...