ქუთაისის N45 საჯარო სკოლა, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს უწევს საგანმანათლებლო და პანსიონურ მომსახურებას, მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებს სთავაზობს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო ვიზუალური ინფორმაციაა, შესაბამისად, ქუთაისის N45 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ქართული ჟესტური ენის კათედრის წევრი მასწავლებლები აქტიურად მუშაობენ გრძელვადიანი სასწავლო მიზნების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსების შექმნაზე.
„სწავლა-სწავლების პროცესში მასწავლებლები იძიებენ არსებულს ან თავად ქმნიან მხატვრული ტექსტის შესაბამის ილუსტრაციებს, პოსტერებს, პრეზენტაციებს, სქემებს როგორ ელექტრონული ფორმით ასევე მატერიალურადაც. იყენებენ ანიმაციური ვიდეოს შექმნის შესაძლებლობებს Canva-ს მოქნილი ინსტრუმენტის საშუალებით და ქმნიან დინამიურ და საინტერესო კონტენტს მოსწავლეებისათვის, რომელთაც აქვთ სმენის დარღვევები და სირთულეები სწავლაში.
რატომ ანიმაცია?
ანიმაციას ნამდვილად შეუძლია, შეამციროს ენობრივი ბარიერი, რადგან იგი არის ძლიერი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი. ანიმაციის შინაარსი ძირითადად ეყრდნობა სურათებს, მოძრაობასა და მოკლე ტექსტებს, რომლებიც მნიშვნელოვან იდეურ გზავნილებს შეიცავენ.
2023-2024 სასწავლო წელს კათედრას ფოკუსირება ჰქონდა სკოლის დემოკრატიული კულტურის განვითარებასა და მედიაწიგნიერების უნარების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით, მომზადდა ანიმაციური ვიდეო „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები“, რომლის საშუალებით მოსწავლეებს უფრო გაუადვილდათ იმის გაცნობიერება, თუ რა ღირებულებებს მოიცავს დემოკრატიული კულტურა და რა უნარებს უნდა ფლობდეს დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანი. ამ ანიმაციის საფუძველზე მოსწავლეებს ასევე გაუადვილდათ ლიტერატურულ ტექსტებში ასახული დემოკრატიული ღირებულებების ამოცნობა და მსჯელობა“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ დემოკრატიული კომპეტენციების გასაზომად, მომზადდა პერსონაჟის შეფასებისა და მოსწავლის თვითშეფასების „ჩეკლისტები“ (ილუსტრირებული), რომლებიც ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდა ვიზუალური შემსწავლელებისათვის. წაკითხული ტექსტის საფუძველზე მოსწავლე ჟესტური ენის თარჯიმნის დახმარებთ აფასებს პერსონაჟს დემოკრატიულ ღირებულებებთან მიმართებით და ბოლოს ავსებს თვითშეფასების კითხვარს, რათა დააზუსტოს რამდენად დემოკრატიული პიროვნებაა თავად.
„ღირებულებებზე ორიენტირებული გაკვეთილები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიულად მოაზროვნე ინდივიდების ჩამოყალიბებაში. ეს გაკვეთილები ეხმარება მოსწავლეებს გაიგონ და გააცნობიერონ დემოკრატიული ფასეულობები, როგორიცაა მრავალფეროვნების პატივისცემა, შემწყნარებლობა, სამართლიანობა, აქტიური მოქალაქეობა და სხვა“,- გვეუბნებიან სკოლაში.