ყველაზე მარტივ გამოცდას აბიტურიენტები ასახელებენ - „ამ საგნით ეროვნულები დავამთავრე“
23-07-2024

დღეს, 23 ივლისს აბიტურიენტები სამოქალაქო განათლებას აბარებენ - რატომ ირჩევენ ამ საგანს და რამდენად კმაყოფილები არიან ტესტით - აპლიკანტები etaloni.ge-ს დეტალებზე ესაუბრებიან:

„სამოქალაქო განათლება, ვფიქრობ, ყველაზე მარტივი საგანია, ამიტო ავირჩიე მე-4 საგნად. ვფიქრობ გრანტის მოპოვებაში დამეხმარება. საკითხები მოიცავდა ადამიანების არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას. ასევე მმართველობის ფორმებს. არაფერი იყო რთული, ვინც გათვითცნობიერებულია ამ საკითხებში, ყველა მარტივად დაწერდა“...

„ძალიან მარტივი იყო პირადად ჩემთვის. კითხვების ფორმულირება არ მახსოვს, მაგრამ საკითხები შეეხებოდა მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, არჩევნებს, დემოკრატიასა და მმართველობის სხვადსხვა ფორმებზე. მგონი, არც არავის გაუჭირდებოდა. ლოგიკური აზროვნებით და ზოგადი ცოდნითაც კი გასცემდი კითხვებს პასუხს. ცოტა მეტი დრო რუკაზე დავკარგე, მაგრამ არც ეგ ყოფილა რთული“.

„საკმაოდ მარტივი ტესტი იყო... ვფიქრობ, კარგად დავწერე. მეოთხე საგნად ავირჩიე სამოქალაქო განათლება, გრანტის გამო და თან მომწონს ეს საგანი. ვფიქრობ, ყველამ აუცილებლად კარგად უნდა ისწავლოს, რადგან გააცნობიეროს, რას ნიშნავს იყო ნამდვილი, ღირსეული მოქალაქე. კარგი მოლოდინი მაქვს“...

„საერთო ჯამში, ჩემთვის ეს გამოცდა რთული არ იყო. სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებულად არც მოვმზადებულვარ, მაგრამ არ ვნერვიულობდი, რადგან მეოთხე საგანია. მესამე საგნად მათემატიკა ჩავაბარე და სამოქალაქო უბრალოდ იმიტომ დავწერე, რომ მეტი შანსი მექნება. გამოცდაზე ტესტები ყოვლისმომცველი იყო, არჩევნების საკითხიც იყო წამოწეული. შედარებით ის დავალება გამიჭირდა, რომელიც შეცდომის გასწორებას მოიცავდა“...

„რთული არ ყოფილა, თვეებია ვემზადები ამ საგანში, პროგრამაც დასრულებული მქონდა და კარგად მომზადებულიც ვიყავი. იმედია კარგ ქულას ავიღებ, ისტორიაც ჩავაბარე, იურიდიულზე მინდა სწავლის გაგრძელება. ბავშვობიდან მომწონდა ეს პროფესია... გამომძიებლობა მინდოდა. დეტექტივი ჩემი საყვარელი ჟანრია და ყოველთვის მინდოდა მთავარი დეტექტივი ვყოფილიყავი“.

„მარტივი გამოცდა იყო, ახლა საკითხებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ რთული მართლა არაფერია. ამ გამოცდით დავამთავრე ეროვნულები და ახლა ძალიან მიხარია. სამოქალაქო იყო მეოთხე საგანი და ვიმეცადინე კიდეც, სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი. ადრე გამოვედი, რადგან ყველაფერი დავწერე და ტყუილად ხომ არ ვიქნებოდი. კითხვები თუ სწორად მახსოვს, მმართველობის ფორმებსა და სახელმწიფოს მოწყობაზეც იყო, არჩევნებზე. რუკა იყო მწეველთა რაოდენობაზე, რომელ ქვეყანაში რამდენი იყო, ეგ უნდა აღგვენიშნა“.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203