ნიკოლოზ ღუბელაძე, KIU-ს კიბერუსაფრთხოების ტრენინგების წარმატებული კურსდამთავრებული და ტრენერია. მას სტუდენტობიდან აინტერესებდა IT ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება. იორიოდე წლის წინ მუშაობა ერთ-ერთი კომპანიაში დაიწყო, ქსელის ოპერაციული ცენტრის ანალიტიკოსად, თუმცა მისი დიდი სურვილი იყო, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და ცოდნა მიეღო ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით და კიდევ უფრო გაზრდილიყო, როგორც პროფესიონალი.
„ჩემი საქმიანობა კიბერუსაფრთხოებაში დაიწყო 2022 წელს, როდესაც მუშაობა დავიწყე კომპანია Neutrino ში, ქსელის ოპერაციული ცენტრის ანალიტიკოსად. გასულ წელს კი სრულიად მოულოდნელად გავიგე KIU-სა და USAID-ის პროგრამის შესახებ, რამაც საკმაოდ მომხიბლა და სიამოვნებითაც ჩავერთე“, - იხსენებს ნიკოლოზი, - „KIU-ში ეთიკური ჰაკერის კურსის გავლის პერიოდში დავიწყე მუშაობა ტრენერად ერთ-ერთ ორგანიზაციაში, რა დროსაც საკმაოდ დიდ დროს ვუთმობდი საკუთარი თავის განვითარებას სწორედ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და ვცდილობდი კიდევ მეტი ახალი ცოდნა მიმეღო, ამიტომ ბევრი არ მიფიქრია, გამოვიყენე KIU-ს უნიკალური შანსი და გავაგრძელე სწავლა კიბერუსაფრთხოების სხვა კურსებზეც“.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეთიკური ჰაკერის კურსის დასრულების შემდეგ ნიკოლოზმა გადაწყვიტა, მეტად შეესწავლა სფერო და მოგვიანებით, USAID-ის სხვა პროექტშიც advanced cybersecurity SOC analyst-ში ჩაერთო.
ტრენინგებზე მიღებული ცოდნის მიღების შემდეგ ახალ სამსახურშიც გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები და საქართველოს ბანკში აპლიკაციის უსაფრთხოების ინჟინერის პოზიციაზე დასაქმდა.
მუშაობის პარალეურად, ნიჭიერი ახალგაზრდა არ წყვეტდა განათლებისა და პრაქტიკული ცოდნის მიღებას და KIU-ში ეთიკური ჰაკინგის კურსის დასრულების შემდგომ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეთიკური ჰაკინგის ტრენერის ასისტენტის პოზიციაზე შეირჩა.
„გასულ წელს დავიწყე მუშაობა KIU-ში ეთიკური ჰაკინგის ტრენერის ასისტენტად, რამაც სრულიად ახალი გამოცდილება შემმატა და მომცა შესაძლებლობა, რომ გამევლო კიბერუსაფრთხოების სხვა კურსებიც და ამასთან ერთად, დავხმარებოდი ახალ მსმენელებს, მეტი გაეგოთ კიბერის შესახებ", - ამბობს ნიკოლოზი.
დღეს ნიკოლოზი უკვე სხვა სტუდენტებსა და კურსის მსმენელებს უზიარებს ცოდნას და საკუთარ გამოცდილებას თუ როგორ შეიძლება მიიღო მოკლე დროში შესაბამისი ცოდნა, ისწავლო, არ დაიშურო ძალისხმევა და დასაქმდე იმ სფეროში რაც მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, USAID-ის მხარდაჭერით, დაფუძნდა KIU-ს კიბერუსაფრთხოების სასწავლო ცენტრი. KIU-სა და USAID-ს შორის პარტნიორობის მიზანია უმუშევრობის შემცირების ხელშეწყობა და კვალიფიციური და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადება კიბერუსაფრთხოების სექტორში. პროექტის განხორციელებაში KIU-ს ეხმარებიან უცხოელი და ქართველი პარტნიორი ორგანიზაციები და, შედეგად, შეიქმნა კიბერუსაფრთხოების სამი სხვადასხვა დონის მოკლევადიანი კურსი: კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ეთიკური ჰაკერისა და ეთიკური ჰაკერის პრაქტიკული კურსი.
პროგრამის ფარგლებში 320-მა მონაწილემ მიიღო და გაიღრმავა ცოდნა. ასევე, KIU გახდა აშშ-ში დაფუძნებული EC-Council-ის, მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანოს აკადემიური პარტნიორი.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში.