აზავრეთის საჯარო სკოლის პედაგოგი სეროპიან მექსიტა მუნიციპალური კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია 
24-07-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი სეროპიან მექსიტა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის - „ყველაზე კრეატიული საგანმანათლებლო პროექტი“ გამარჯვებულია. 

6 ივლისს, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილე პედაგოგები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. 

მასწავლებელთა შრომის დაფასების მიზნით გამართული ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით, ახალქალაქის რესურსცენტრის ორგანიზებით და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელობის, საკრებულოს თავმჯდომარის ნაირი ირიციანისა და მერის, მელქონ მაკარიანის მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 20 მასწავლებელი მონაწილეობდა. სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ - საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა და მერი მელქონ მაკარიანმა, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები სედა მელკუმიანმა და სოღომონ ასლანიანმა, მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანმა, განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი ოლიკო მელიქიძემ, ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თერეზა ჩივჩიანმა ოთხი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა შორის საპატიო ადგილს სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლის პედაგოგი სეროპიან მექსიტა იკავებს. 

საპრიზო ადგილზე გასულ მასწავლებლებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა, თავმჯდომარის მოადგილე ჰამლეტ მოვსისიანმა, კომისიის თავმჯდომარე სედა მელკუმიანმა, მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანმა, განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა ოლიკო მელიქიძემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გამარჯვება მიულოცეს და, სიმბოლურად, 500-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები და ყვავილები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილე ყველა მასწავლებელს 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები და ყვავილები გადაეცა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203