საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ხალისით ეუფლებიან ქართულ ხალხურ ცეკვებს, ქორეოგრაფიულ ხელოვნებასა და ფოლკლორულ ტრადიციებს, ანსამბლი „არსიანის“ ფარგლებში კი მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში და წარმატებასაც აღწევენ.
ახლახან, გიმნაზიასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „არსიანი“ საერთაშორისო ფესტივალიდან გამარჯვებული დაბრუნდა.
ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მსოფლიო ხალხური ცეკვებისა და მუსიკის კონკურს-ფესტივალი „ხელოვნება საზღვრების გარეშე“, სადაც სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „არსიანი“ (ხელმძღვანელი ჯონი დუგლაძე).
ანსამბლის წევრებმა კონცერტები გამართეს, ქობულეთში, ბათუმსა და ქედაში.
ქედაში, სადაც საზეიმო ვითარებაში ჩატარდა ფესტივალის დახურვა, მოეწყო საზეიმო მსვლელობა და დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ანსამბლ „არსიანის“ წევრებს პირადად უმასპინძლა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, ხოლო ფესტივალის დირექტორმა ანზორ დევაძემ, ანსამბლ „არსიანს“, მის ხელმძღვანელს, ჯონი დუგლაძეს და ყველა მოცეკვავეს გადასცა დიპლომები ფესტივალში მიღწეული წარმატებებისათვის.
იხილეთ ფოტოები: