2024 წლის გამოცდების ძირითადი სესიები 26 ივლისს დასრულდა.
პირველადი შედეგების მიხედვით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა დაახლოებით 93%, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე აპლიკანტთა 71%. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 79%-მა, მასწავლებელთა გამოცდაზე კი - 84%-მა. იყო გამოცდიდან მოხსნის ერთეული შემთხვევაც დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის გამო, - ასეთია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკა.
Etaloni.ge კი 2024 წლის გამოცდების ერთგვარ შეჯამებას გთავაზობთ, რომელიც თავიდან ბოლომდე, ჩვენი ჟურნალისტების დამსახურებაა; ისინი საგამოცდო ცენტრებში არა მხოლოდ აშუქებდნენ ვითარებას, არამედ თითოეულ აპლიკანტს გულშემატკივრობდნენ; წუხდნენ, როდესაც ვინმეს დაგვიანების გამო ტესტირებაზე გასვლა არ შეეძლო; მხარში ედგნენ მათაც, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა და რაც მთავარია, საზოგადოება სწორედ მათი დამსახურებით იგებდა პირველი, თუ რა საკითხები ხვდებოდათ 2024 წლის აბიტურიენტებს გამოცდებზე.
რაც შეეხება საკითხებს, 2007 წლის შემდეგ, წელს ქართულის გამოცდაზე პირველად მოვიდა „დიდოსტატის (კონსტანტინეს) მარჯვენა“, ასევე იყო „ვეფხისტყაოსანი“, წერეთლის „გამზრდელი“ და კიდევ იყო დიდი გაურკვევლობა ქართულის გამოცდის მეორე სესიაზე - აპლიკანტებს გაუჭირდათ ტესტთან დაკავშირებით კონკრეტული საკითხების დასახელება: „ხევისბერი გოჩა“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ვეფხისტყაოსანი“ თუ „ვეფხი და მოყმე“?!
მათემატიკის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები კი აღნიშნავდნენ, რომ საკმაოდ რთული საკითხები შეხვდათ, განსაკუთრებით მეორე სესიაზე.
ისე, ყველაზე კმაყოფილი აპლიკანტები ინგლისური ენის გამოცდიდან გამოდიოდნენ; ბიოლოგიის გამოცდა კი შემდეგნაირად შეაფასეს: „გენეტიკით დაწყებული, ბოტანიკით დამთავრებული ყველა თემას ეხებოდა კითხვები“
ტესტური დავალებები etaloni.ge-სთან შეაფასეს ასევე სპეცმასწავლებლობის მსურველებმა, რომლებმაც გულისტკივილით აღნიშნეს, რომ სსსმ მოსწავლეებთან მომუშავე ასისტენტები დაუფასებლები არიან: „ანაზღაურება არ შეესაბამება ჩვენს შრომას“.
ყველაფერი კი 3 ივლისს დაიწყო.
განწყობა საბრძოლო; შემართება - საბრძოლო და ამ ყველაფერს ჩოხაში გამოწყობილი აპლიკანტი განსაკუთრებულ იერს სძენდა;
სხვათა შორის, ნაციონალური სამოსი კურდღლისყურებიანი ჩაფხუტით გამოცდაზე გამოცხადებულმა აპლიკანტმა „დაჩრდილა“, რომელიც როგორც etaloni.ge-ს თავად უთხრა - არა აბიტურიენტი არამედ სტუდენტი აღმოჩნდა. რატომ გავიდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე? - ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - საკუთარი შესაძლებლობები რომ გამოეცადა.
5 ივლისიდან გამოცდები მასწავლებელთა ტესტირებებმაც გაამრავალფეროვნა, სადაც აღმოვაჩინეთ, რომ ბაღის პედაგოგიც გადიოდა, ასევე აპლიკანტებს შორის იყვნენ მასწავლებლობის მსურველები და მოქმედი პედაგოგები.
სამწუხაროდ იყო დაგვიანების შემთხვევებიც და etaloni.ge-ს „ფოტოხაფანგმა“ არაერთი მორბენალი აპლიკანტი დააფიქსირა.
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფორმიანი აბიტურიენტიც მრავლად იყო, ასე რომ საგამოცდო ცენტრებში ვხვდებოდით კვარას, ჩაკვეს, მამარდას, ქოჩორას...
თუმცა იყო კიდევ ერთი გოგონა, რომელმაც ორიგინალურობის ყველა რეკორდი მოხსნა, რადგან საგამოცდო ცენტრში ფეხშიშველი მივიდა... დიახ, ფეხშიშველი, რადგან ფეხსაცმელი ცენტრში მისვლამდე ისე გაუფუჭდა, პირდაპირ სანაგვეში მოისროლა და გამოცდაზე დაგვიანებას, ფეხსაცმლის გარეშე მისვლა ამჯობინა.
როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, მას ცენტრის თანამშრომლებმა წინდები და ბახილები მისცეს, რათა დისკომფორტი არ შეჰქმნოდა ტესტირებისას.
ამ ყველაფერს კი ლაიტომოტივად სოციალურ ქსელებში გამოცდებიდან გამოსული აბიტურიენტების სახალისო ფრაზები გასდევდა, თუმცა ამ დროს ჩვეული ნერვიულობა მაინც იგრძნობოდა.
ალბათ სწორედ ემოციური ფონის გამო, ამ სამკვირიან ციებ-ცხელებში საგამოცდო ცენტრებთან ხან სასწრაფო დახმარების ორ-ორი ბრიგადის მოსვლა იყო საჭირო; წელს გვყავდა ფეხმოტეხილი აბიტურიენტიც, მეგობრის საგულშემატკივროდ მოსული გულწასული გოგონაც, და კიდევ არაერთი გულშეღონებული აპლიკანტი, ასე რომ ცოტა ხუმრობით თუ ვიტყვით, 2024 წლის გამოცდებს გულწასულ ეროვნულებს ვუწოდებდით.
საგამოცდო ივლისის შემდგომ კი ახლა უკვე, ყველანი ერთად ველოდებით შედეგებს.
Etaloni.ge თითოეულ აპლიკანტს წარმატებას და სასურველი ქულების მიღებას უსურვებს.
ასევე იხილეთ:
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით
მასწავლებლების ტესტური დავალებები - 2024 წლის ყველა საგამოცდო საკითხი
საგამოცდო ცენტრთან გონება დაკარგა აბიტურიენტმა, რომელმაც გამოცდა გუშინ წერა, დღეს კი მეგობრის საგულშემატკივროდ იყო მისული
„შპარგალკის“ გამოყენების გამო აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა - დეტალები