„წარმატებაა, როცა მოსწავლე-მასწავლებელს სკოლაში მოუხარია“- გულიკო ფირცხალავა, დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორი
29-07-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორი გულიკო ფირცხალავა ახალგაზრდების სამსახურში ჩვეული შემართებით, მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი სიყვარული დგას. „რა საქმესაც მოჰკიდებ ხელს, გულით აკეთე​“ - არის დარიგება, რომლითაც ხელმძღვანელობს. აღნიშნავს, რომ ბედნიერია ის მასწავლებელი ვინც მოსწავლის სიყვარულს დაიმსახურებს. თავად კი მოსწავლეთა სიყვარულით გულანთებული ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს ღირსეულად ემსახურება.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორი გულიკო ფირცხალავა პასუხობს. 

 - სკოლის წარმატება ნიშნავს...

- როცა სკოლა პასუხობს დღევანდელ საგანმანათლებლო სივრცის მოთხოვნებს, არის კონკურენტუნარიანი, როცა მოსწავლეს და მასწავლებელს სკოლაში მიუხარია, როცა მშობელი ენდობა სკოლას...

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- ცხოვრების გზაზე უამრავი დარიგება მომისმენია და წამიკითხავს, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ჩემი სკოლის დირექტორის სიტყვები: რა საქმესაც მოჰკიდებ ხელს, გულით აკეთე, იყავი პროფესიონალი და არასდროს ჩამორჩე დროს. ყველა საქმე „გულის სისხლს“ მოითხოვს საფასად.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- სურვილი მარტო იმისა, რომ სტუდენტი გახდე ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარია, საფუძვლიანად მოემზადო, რადგან მყარ შენობას, რომელიც დროს უძლებს ასაშენებლად მხოლოდ კარგი და ძლიერი საძირკველი სჭირდება.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- მამული ენა და სარწმუნოება - ამ სამი ღვთაებრივი საუნჯის სიყვარული. ეროვნული იდეალების ერთგულება, მამულიშვილური პასუხისმგებლობა.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს, რომ მისთვის იმაზე მეტი ხარ, ვიდრე მასწავლებელი. სიყვარული დიდი თემაა და ბედნიერია ის მასწავლებელი ვინც ამას შეძლებს.

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ძალიან ძნელია მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში რომელიმე წიგნი გამოარჩიო. ყველა თავისებურად დიადია...

მაგრამ მოსწავლეებს ვურჩევდი წაიკითხონ „სიბრძნის სიმფონია“, რომელშიც ადამიანი ცხოვრების ნებისმიერი საკითხის პასუხს იპოვის.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- საკუთარ თავს ვუსურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში, რომ მათ კვლავ ჩვეული შემართებითა და სიყვარულით ვემსახუროთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203