„მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტის თანახმად, განისაზღვრა, რომ მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენია – საქართველოს ეროვნული/ასაკობრივი ნაკრები გუნდის ან საქართველოს ეროვნულ სპორტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებული სპორტული კლუბის წევრი, რომელიც მონაწილეობას იღებს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე, საჭადრაკო ოლიმპიადაზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ან უმაღლესი რანგის საერთაშორისო საკლუბო სპორტულ ტურნირებზე ან/და მათთან დაკავშირებულ განუყოფელ ღონისძიებებში სპორტის იმ სახეობაში, რომლის შესაბამისი ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენთა სია, რომელთაც უფლება აქვთ, პირობით ჩაირიცხონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვის მსურველმა კი, მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენმა შესაბამისი წლის პირველ სექტემბრამდე განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს.