როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?
31-07-2024

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა? - ამ კითხვაზე პასუხი დღეს ყველა აპლიკანტს აინტერესბს, ამიტომ გთავაზობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაკეთებულ განმარტებას:

კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში (ცენტრი საგნობრივი კომისიების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკადემიურ პროგრამაზე აბიტურიენტთა განაწილების მიზნით ადგენს კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს) აბიტურიენტის გადანაწილება ხდება ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.

სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ან სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში აბიტურიენტები გადანაწილდებიან ამ პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის, აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულის, აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალისა და საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე საგნების პრიორიტეტულობის გათვალისწინების საფუძველზე.

აკადემიურ პროგრამაზე რანჟირებული სიიდან სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური პროგრამისათვის.

თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ორი ან მეტი დამატებითი საგნის გამოცდა, შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის კოეფიციენტებით რანჟირებისას გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ დამატებითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ ქულით აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა დამატებითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ დამატებითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულები იდენტურია, კოეფიციენტებით რანჟირების დროს პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება იმ საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების მეტი რაოდენობა, ხოლო შემდგომ იმ საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების ნაკლები რაოდენობა. იდენტური ადგილების რაოდენობის შემთხვევაში, კოეფიციენტებით რანჟირებისას გათვალისწინებული იქნება დამატებითი საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა დადგენილი საგნების ჩამონათვალის შესაბამისად (ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; გეოგრაფია; ლიტერატურა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; სამოქალაქო განათლება).

თუ აბიტურიენტი დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნებისათვის აბარებს ფიზიკის, მათემატიკისა და ქიმიის საგნებიდან ორს ან მეტს, ასევე თუ საგანმანათლებლო პროგრამისათვის რელევანტურ საგნად განსაზღვრულია როგორც მათემატიკა, ისე ისტორია და აბიტურიენტი აბარებს ორივეს, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი გადაწყდება ზემოთ მოცემული წესის შესაბამისად.

თუ რამდენიმე აბიტურიენტს ერთი და იმავე აკადემიურ პროგრამაზე მოსახვედრად საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელ საგნებში, მათ შორის პრიორიტეტულ საგანში, მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.

თუ აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული ჩამონათვალის პირველ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საკითხი და ა. შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საკითხი აღარ განიხილება. კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკონკურსო ქულას, რომელიც გამოითვლება ყველა საგანმანათლებლო პროგრამისათვის ცალ-ცალკე (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილი კოეფიციენტების შესაბამისად) და არა იმას, თუ რა ადგილი მიანიჭა აბიტურიენტმა თავის რეიტინგულ ჩამონათვალში ამ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203