2024-2025 სასწავლო წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის განახლდა სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამა.
„პროგრამა საშუალებას აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლება მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებამდე ერთი სასწავლო წელი დაეუფლონ ქართულ ენას ან გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნის დონე და პარალელურად ქართულ ენაზე გაიარონ მათთვის სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის საჭირო დარგობრივი რელევანტური საგნები. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები უზრუნველყოფილი იქნებიან სწავლის საფასურით, ყოველთვიური სტიპენდიით და საცხოვრებლით.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა 2019 წლის შემდეგ არ განხორციელებულა.
პროგრამაზე ჩარიცხვისთვის განცხადებების ელექტრონული მიღება დღეიდან დაიწყო და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციაში და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში.
დეტალური ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციისა და რეგისტრაციის პირობების შესახებ იხილეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდებზე“, - აღნიშნულია სამინისტროს გავრცლებულ ინფორმაციაში.