2024 წლის 31 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ალექსანდრე წულაძე დანიშნა.
ალექსანდრე წულაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ასევე, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს.
ალექსანდრე წულაძე 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მოპოვებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის გრძელვადიანი კვლევითი სტიპენდია (ნიუ იორკი, აშშ), მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტისა (ჰამბურგი, გერმანია) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტები. არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების მიმართულებით მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და სტატიების ავტორი, ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.
ის 2019- 2023 წწ. იკავებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას, ხოლო, 2023 წლის 28 დეკემბრიდან, 2024 წლის 31 ივლისამდე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას.