„ჩვენი სკოლა მაგალითია იმისა, რომ რეპეტიტორების გარეშე უმაღლესი ქულების მიღება შესაძლებელია“- ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის აბიტურიენტთა წარმატება 
05-08-2024

„ჩვენი სკოლა 15 წელზე მეტია  მაგალითი იმისა, რომ რეპეტიტორის გარეშე, სკოლაში მიღებული ცოდნითაც შეიძლება უმაღლესი და მაღალი ქულების მიღება“ - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა ტრადიციულად, წელსაც ამაყობს წარმატებული კურსდამთავრებულებით, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს. 

წარმატებულ აბიტურიენტებს შორისაა ანი ხეცურიანი, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ისტორიაში, მაქსიმალური 60 ქულიდან, 55 ქულა დაიმსახურა. 

მაღალი ქულები მოიპოვეს ასევე კურსდამთავრებულებმა, როგორც სკოლაში უწოდებენ „ონავარმა ბიჭებმა“: ლუკა ჩაკვეტაძემ, ბაჩო ბრეგვაძემ და ნიკა სვანიძემ. 

აღსანიშნავია, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, არც ერთი აბიტურიენტი არ ემზადებოდა რეპეტიტორთან, თუმცა მაღალი შედეგების მოპოვება თავისუფლად მოახერხეს, ამისთვის სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის პედაგოგ მაკა ბრეგვაძეს. 

უნდა აღინიშნოს, რომ კურსდამთავრებულებმა, უცხოური ენის გამოცდაც წარმატებით ჩააბარეს და სკოლა კიდევ ერთხელ აამაყეს

კურსდამთავრებულების წარმატებით, განსაკუთრებით ამაყია სკოლის ხელმძღვანელი ნუნუ კოპალიანი, რომლიც წარმატებულ ახალგაზრდებს მიღწეულ შედეგებს დიდი სიყვარულით ულოცავს.

„ანი ჩვენო ნიჭიერო, ბეჯითო, საყვარელო გოგო ,გილოცავ წარმატებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გილოცავთ,  ჩვენო ჭკვიანო, ონავარო ბიჭებო: ლუკა ჩაკვეტაძე, ბაჩო ბრეგვაძე და ნიკა სვანიძე. ვულოცავ ჩვენს ნიჭიერ, ბეჯით მაკა ბრეგვაძე მასწავლებელს უანგარო შრომის დაფასებას!  ჩვენი სკოლა 15 წელზე მეტია  მაგალითი იმისა, რომ რეპეტიტორის გარეშე, სკოლაში მიღებული ცოდნითაც შეიძლება უმაღლესი და მაღალი ქულების მიღება, თუ, რა თქმა უნდა, მოსწავლე მოტივირებულია! წარმატებებს ველოდებით სხვა საგნებშიც!“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203