„ძალიან მაგარი მასწავლებელი მყავდა“ - წნორის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ქართულის გამოცდაში მაქსიმალური ქულა მიიღო
05-08-2024

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო, ამ დროისთვის ცნობილია ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის, ისტორიისა და მათემატიკის გამოცდის შედეგები. ნათია ჯალიაშვილი ერთ-ერთია 85 აბიტურიენტს შორის, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური, 60 ქულა მიიღო.

ნათია სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, რომელიც Etaloni.ge-სთან თავის ემოციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კარგი ქულის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა მაქსიმალურს არ ელოდა: „მაღალ ქულას ნამდვილად ველოდი, მაგრამ მაქსიმალურს ნაკლებად, თუმცა მაინც კარგი მოლოდინები მქონდა. ძალიან მაგარი მასწავლებელი მყავდა, რომელმაც წლების განმავლობაში  ბევრი მასწავლა და დიდი ცოდნა მომცა. გარდა ამისა, კლასგარეშე ლიტერატურას ვკითხულობდი საკმაოდ ბევრს, რაც თემის დაწერაში დამეხმარა“. 

ნათია ჩვენთან საუბრისას სამომავლო გეგემებზეც საუბრობს და გვიმხელს რა პროფესიის დაუფლება იყო მისი ბავშვობის ოცნება: „საერთაშორისო ურთიერთობებზე ვაბარებ თსუ-ში, ბავშვობიდან მაინტერესებდა პოლიტიკა, ქვეყნებს შორის ურთიერთობები და ზოგადად ეს სფერო, ამიტომ გადავწყვიტე, სწავლა ამ მიმართულებაზე გამეგრძელებინა და იმედია ასე იქნება“. 

აღსანიშნავია, რომ მაღალი შეფასება აქვს ინგლისური ენის გამოცდაშიც, მაქსიმალური 70 ქულიდან ნათიამ  67 ქულა მიიღო. ახლა ის, სამოქალაქო განათლებასა და გეოგრაფიის გამოცდის შედეგებს ელოდება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203