ერთიანი ეროვნული გამოცდების გამოქვეყნება დაიწყო. ამ დროისთვის უკვე ცნობილია მაქსიმალური ქულების მქონე აბიტურიენტების ვინაობა. მათ შორის ერთ-ერთია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ბარბარე ღავთაძე. მან, როგორც სასკოლო საზოგადოება აღნიშნავს, მოლოდინს გადააჭარბა და სამივე საგანში - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენასა და ისტორიაში მაქსიმალური ქულები აიღო.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან ბარბარე ოქროსმედალოსანია.
„მან გაამართლა მასწავლებლებისა და მშობლების იმედი და უდიდესი სიხარული მიანიჭა ყველა გულშემატკივარს. ვულოცავთ ბარბარესა და ყველა აბიტურიენტს სტუდენტობას. ვუსურვებთ, წინსვლას პროფესიულ და პირად ცხოვრებაში. ასევე აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ეროვნულ გამოცდებს ითხვისის N2 საჯარო სკოლის 3 კურსდამთავრებული აბარებდა. ორმა წარმატებით გადალახა ზღვარი“, - გვიყვებიან სკოლაში.
წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა და მაქსიმალური ქულების მფლობელმა - ბარბარე ღავთაძემ Etaloni-ge-სთან თავის შედეგებზე, მოლოდინებსა და ემოციებზე ისაუბრა. როგორც გვითხრა, მისთვის მოულოდნელი იყო და არ ელოდებოდა სამივე საგანში უმაღლესი ქულების აღებას.
„ქართულსა და ინგლისურში ორი წელი, ხოლო სამი სემესტრი ისტორიაში ვემზადებოდი. ზოგადად კარგი მოსწავლე ვიყავი სკოლაში. 12 წელი ძალიან კარგად ვსწავლობდი, მქონდა საფუძველი და ვფიქრობ, ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს შედეგებზე. რაც შეეხება ჩემს მოლოდინებს ქულებთან დაკავშირებით, ნამდვილად არ ველოდი უმაღლეს ქულებს თუ ავიღებდი, განსაკუთრებით კი ქართულსა და ინგლისურში. უცხოური ენა შედარებით მარტივი იყო და უფრო იყო მოსალოდნელი, რომ მაქსიმალური ქულა ამეღო. თუმცა მაინც 2-3 ქულით ნაკლებს ველოდი, მაქსიმალურს - ნამდვილად არა.
რაც შეეხება ტესტების სირთულეს, სიმართლე რომ გითხრათ გაკეთებული მქონდა წინა წლების ტესტები და ვერ ვიტყვი, რომ გართულებული იყო რომელიმე საკითხი მნიშვნელოვნად. ის სირთულე იყო, რასაც ველოდი. სამართალზე მინდა ჩაბარება, თავიდან ვფიქრობდი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მაგრამ ისეთი კარგი ქულები მაქვს, რომ კავკასიის უნივერსიტეტს ან თავისუფალს ავირჩევ ალბათ, არ ვიცი ჯერ ზუსტად“, - ამბობს ბარბარე.