წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი და პედაგოგები მასწავლებელთა და ლექტორთა საუნივერსიტეტო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
06-08-2024

3 აგვისტოს, ქალაქ ბათუმის ტექნო-პარკში ჩატარდა საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა და ლექტორთა საუნივერსიტეტო კონფერენცია, რომელშიც ჩვეული ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ექვსი მასწავლებელი - ფაქიზო ფანჩულიძე, იამზე წულუკიძე, აზა ნაფეტვარიძე, ინგა არაბიძე, თამარ გრიგოლია და სალომე ქობალია.

მომხსენებლის რანგში კი აუდიტორიის წინაშე წარდგნენ სკოლის ხელმძღვანელი ფაქიზო ფანჩულიძე და პედაგოგი სალომე ქობალია, თემებით - „წარმატებული გაკვეთილი აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში“ და „ინოვაციური მეთოდების გამოყენებით ლიტერატურული ნაწარმოებების შესწავლა“. 

პრეზენტატორებმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა და გამოცდილება. ორივე თემამ მოწონება დაიმსახურა, მომხსენებლებმა კი სხვადასხვა სკოლის  პედაგოგისგან  შეთავაზება და თანამშრომლობა მიიღეს.

კონფერენციის ბოლოს მომხსენებლები და მსმენელის რანგში მყოფი მასწავლებლები სერტიფიკატებით დასაჩუქრდნენ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ნაყოფიერი დღის დაგვირგვინება იყო ბათუმის სამების სახელობის ეკლესიის მოლოცვა, სადაც ყველა პედაგოგმა ოჯახის, სკოლისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ილოცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203