ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. აბიტურიენტებისთვის უკვე ცნობილია პირველადი ქულები. აღსანიშნავია, რომ უცხოურ ენაში მაქსიმალური ქულა 1101-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორისაა აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული რუსუდან ცაბაძე.
როგორც რუსუდანი გვეუბნება, მაქსიმალური ქულა მოულოდნელი იყო და შედეგის ნახვის პირველი სიხარული პირველი დედას გაუზიარა: „სიმართლე გითხრათ, როცა გამოცდაზე შევდიოდი ძალიან ვღელავდი, მეგონა, რომ ვერ დავწერდი მაღალ ქულაზე, თუმცა როცა გამოცდა დაიწყო და მუშაობას შევუდექი დავმშვიდდი, ნერვიულობის დრო აღარ მქონდა, ვეცადე ჩემი ცოდნა მაქსიმალურად გამომეყენებინა,. გამოცდიდან გამოსული უკვე მაღალ ქულას ველოდი, თუმცა მაქსიმალური შედეგში ეჭვი მეპარებოდა. გუშინ, როცა ქულა ვნახე ძალიან მოულოდნელი იყო, უზომოდ გამიხარდა, პირველად დედასთან გავვარდი, ორივე უსაზღვროდ ბედნიერები ვიყავით“.
რუსუდანი ოჯახური ტრადიციის გაგრძელებას აპირებს, სახლში 4 ექიმი ჰყავს, უფროსი და-ძმებიც სამედიცინოზე სწავლობენ და თავადაც ამ მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელებას: „სამედიცინოზე ვაპირებ ჩაბარებას, ალბათ ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი სამომავლო საქმე ექიმობა იქნებოდა, ჩემს ოჯახში 4 ექიმია, ჩემი უფროსი და-ძმებიც ამ პროფესიას ეუფლებიან და მეც დიდი სურვილი მაქვს მათ კვალს გავყვე“.
აბიტურიენტის წარმატებით განსაკუთრებით ამაყია სკოლის დირექტორი ირმა კაპანაძე, რომელიც კურსდამთავრებულს ულოცავს მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.
„დიდი ბედნიერება და სიხარულია, როცა მოსწავლე მასწავლებლებისა და სკოლის იმედებს ამართლებს. მინდა მივულოცო ყველა ჩემს კურსდამთავრებულს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატება, ჩვენ 50 აბიტურიენტი გვყავდა, 13 - ოქორს მედლის კანდიდატი, სწორედ მათ შორისაა რუსუდან ცაბაძე, საოცრად ნიჭიერი და შემოქმედებითი უნარების პატრონი, რომელიც აპირებს, რომ ოჯახურ ტრადიციას არ უღალატოს და სწავლა სამედიცინოზე გააგრძელოს. მინდა, მას მივულოცო უცხოურ ენაში მაქსიმალური ქულის მოპოვება და გზა დავულოცო. ასევე წარმატება ვუსურვო ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებითაც ვამაყობთ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში მათით მთელი საქართველო იამაყებს“, - აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები: