„ინგლისური ენა ინტერნეტში ვიდეოების ყურებით ვისწავლე“- თხილნარის N2 სკოლის კურსდამთავრებულმა, ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულა აიღო
06-08-2024

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. უკვე ცნობილია უმაღლესი ქულების მქონე აბიტურიენტების ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული ლუკა ფუტკარაძეა. მან, ინგლისურ ენაში მაქსიმალური - 70 ქულა აიღო და სკოლა ასახელა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან ლუკა ოქროს მედლის კანდიდატია.

თავად მოსწავლისთვისაც არ ყოფილა მოულოდნელი უმაღლესი ქულა, რადგან როგორც etaloni-ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ინგლისური ძალიან კარგად იცის. ის უცხოური ენაზე ვიდეოებს პირველი კლასიდან უყურებდა, რაც დაეხმარა ენის შესწავლაში. ასევე, აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენაში დამოუკიდებლად, რეპეტიტორთან მომზადების გარეშე მეცადინეობდა. 

„რეპეტიტორთან არ დავდიოდი, ჩემით ვისწავლე ინგლისური. ბავშვობაში სულ ვიდეოებს ვუყურებდი ინტერნეტში. სწორედ ეს დამეხმარა ენის დახვეწაში. რაც შეეხება გამოცდის სირთულეს, ვფიქრობ წინა წლებთან შედარებით გამარტივებული იყო. მე პირადად არ გამირთულდა. ზოგადად, ბევრმა აიღო ინგლისურში მაქსიმალური ქულა წელს", -  გვეუბნება ლუკა ფუტკარაძე და იმასაც აღნიშნავს, რომ ბიზნეს მენეჯმენტზე სურს სწავლის გაგრძელება თავისუფალ ან შავი ზღვის უნივერსიტეტში.

 ლუკა ფუტკარაძეს მიღწეულ წარმატებას ულოცავს სკოლაც: „მან გაამართლა მასწავლებლებისა და მშობლების იმედი და დიდი სიხარული მიანიჭა ყველა გულშემატკივარს. ვულოცავთ სტუდენტობას და წარმატებებს ვუსურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე“.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203