„ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მხოლოდ მიღებული ქულა ჩვენს ცოდნას არ განსაზღვრავს“ - ელენე გველეთიანის წარმატება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 
06-08-2024

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა, ახლა აბიტურიენტები სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ელიან. არაერთ წარმატებულ აპლიკანტზე გვისაუბრია, რომლებმაც გამოცდებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს, ამჯერად კი, ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, ელენე გველეთიანს გაგაცნობთ. 

ელენემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ინგლისურ ენაში, შეძლო და მაქსიმალური ქულები მოიპოვა, მაღალ ქულაზე ჩააბარა სამოქალაქო განათლების გამოცდაც, სადაც მაქსიმალური 60 ქულიდან, 53 მიიღო. 

რა გრძნობაა, როცა შენი შრომა ფასდება, როგორია მაქსიმალურ შედეგზე გასვლა, როგორი იყო აბიტურიენტობა და სად აპირებს სწავლის გაგრძელებას? - ამ თემებზე Etaloni.ge-სთან ელენე გველეთიანი საუბრობს.

- ელოდი თუ არა უმაღლეს შეფასებებს და რა გრძნობაა მაქსიმალურ შედეგზე გასვლა?

- ველოდი კარგ შედეგს, ვიცოდი, რომ ქართულის და ინგლისურის გამოცდა კარგად დავწერე, მაგრამ არა ასეთს... ცხოვრების ამ ეტაპზე გამოცდებისთვის მეტნაკლებად ყველა ნერვიულობს და ამ ყველაფრის ფონზე საკუთარი შესაძლებლობების და ცოდნის გამოვლენა რთულია, ამიტომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულა ჩვენს ცოდნას და უნარებს არ განსაზღვრავს. 

- როგორი იყო შენთვის აბიტურიენტობა

- რეპეტიტორებთან იმდენ ხანს ვემზადებოდი, რომ საკმარისი აღმოჩნდა ამ შედეგის მისაღებად, მაგრამ ისეთი აბიტურიენტებიც არიან, ვინც მოახერხა და საუკეთესო შედეგები საკუთარი შრომით მიიღო. ისინი ამტკიცებენ, რომ თვითდისციპლინა და ინტერესი წარმატების საწინდარი შეიძლება გახდეს. სკოლაში დიდი გამოცდილება მივიღე, საშუალება და მხარდაჭერა მქონდა, ყველა კარგი ინიციატივისთვის სული ჩამედგა ჩემს მეგობრებთან ერთად. ასეთი გამოცდილებაც საჭიროა, გეხმარება შენი ინტერესების გამოკვეთაში და გამზადებს ახალი ეტაპისთვის. 

- ალბათ უკვე იცი რა ფაკულტეტზე აბარებ... 

- ვფიქრობ, საერთაშორისო ურთიერთობებზე ვისწავლი, უნივერსიტეტს ჯერ კიდევ ვარჩევ.

- რამ განაპირობა, რომ სწავლა ამ მიმართულებით გაგეგრძელებინა

- ბავშვობიდან არ მქონია ეს სფერო შერჩეული, ახლახან დავინტერესდი და გადავწყვიტე ჩემი ბედი მეცადა.. კარგია, რომ დღეს მრავალფეროვანი განათლების მიღების საშუალება გვაქვს უამრავ დარგში, ეს მოცემულობა შესაძლებლობას გვაძლევს თავი ბევრ სფეროში ვცადოთ და გავიგოთ, რისი კეთება გვაძლევს სარგებელს და გვანიჭებს სიამოვნებას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203