ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია. 2023-2024 სასწავლო წელს კი სკოლა ორმა მე-12 კლასელმა - მათე როგავამ და მარიამ ჭურღულიამ დაამთავრა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ორივე მოსწავლემ გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება - მათე როგავამ პროფესიულ, ხოლო მარიამ ჭურღულიამ კი უმაღლეს სასწავლებელში. მარიამმა მაღალი ქულებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინგლისურ ენაში უმაღლესი შეფასება 70 ქულიდან 70 და ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60 ქულიდან 57.
ორივე მოსწავლე, სკოლაში, გამოირჩეოდა სანიმუშო დისციპლინითა და მოწესრიგებულობით. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასკოლო ცხოვრების ყველა აქტივობაში. დგამდნენ ღონისძიებებისთვის საცეკვაო ნომრებს, ამზადებდნენ თემატურ პრეზენტაციებს, მონაწილეობდნენ სკოლის ეკოკლუბის ფუნქციონირებაში და კიდევ მრავალ სხვა საკლასო, სასკოლო თუ რაიონულ აქტივობებში.
ისინი განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართული სპორტულ ღონისძიებებში. მაგიდის ჩოგბურთში იყვნენ სასკოლო და რაიონული ოლიმპიადის ჩემპიონები. რეგიონალური ოლიმპიადის პრიზიორები და საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეები
„ჩვენს სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული დაუფრთიანებია. გვჯერა, რომ მარიამის და მათეს სახით ნამდვილად კარგი ახალგაზრდები შეემატება სტუდენტთა გილდიას“, - ამბობენ სკოლაში.
სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები ამაყები არიან მათი მიღწევებით, ულოცავენ მიღწეულ შედეგებს და წარმატებას უსურვებენ ცხოვრების შემდეგ ეტაპზე.
იხილეთ ფოტოები: