ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყვალა საგანში ცნობილია. ახლა აბიტურიენტები საბოლოო ჩარიცხვებს ელიან. რასაკვირველია, თითოეული მათგანის წარმატებით ოჯახი და სასკოლო საზოგადოება ხარობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ აბიტურიენტების შემთხვევები, ვინც მაქსიმალური ქულები მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული სალომე კვირიკაშვილი გახლავთ. მან ინგლისურ ენაში 70-დან 70 ქულა მიიღო.
როგორც აბიტურიენტმა etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მას ინგლისური ენა საგანის მასწავლებელმა, ნინო მაჭარაშვილმა შეაყვარა. სალომე კვირიკაშვილი უმაღლესი განათლების მიღებას დიპლომირებული მედიცინის მიმართულებით გეგმავს.
„ინგლისურის გამოცდიდან კმაყოფილი გამოვედი, თუმცა არ ველოდი, რომ 70 ქულას ავიღებდი. ჩემი მასწავლებელი ნინო მაჭარაშვილია, სწორედ ისაა ადამიანი, რომელმაც ინგლისური ენა შემაყვარა და მისი მადლიერი ვარ.
გამოცდებისთვის ბოლო 1 წელი ვემზადებოდი. დიპლომირებულ მედიცინაზე ვაბარებ ევროპულ უნივერსიტეტში. მეოთხე საგნად ქიმია ჩავაბარე. სხვა საგნების ქულებითაც კმაყოფილი ვარ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და სასურველ უნივერსიტეტში მოვხვდები.
ის ფაქტი, რომ გამოცდაზე ხარ, ზოგადად, სტრესულია და პირადად მეც, გამოცდების მიმდინარეობის დროს მეტად ვნერვიულობდი და შემდეგ, როდესაც ტესტები ვნახე მივხვდი, რომ რთული არ ყოფილა“,- ამბობს სალომე კვირიკაშვილი.